Thursday 18 November 2010

რატომ დაგვღუპავს ინგლისურის სწავლა პირველი კლასიდან

დიდხანს გული ვერ დავუდე ამ თემაზე სვეტის დაწერას. რამდენჯერმე დავიწყე, მაგრამ ვიფიქრე – ამაზე სერიოზულად ლაპარაკი როგორ შეიძლება-მეთქი და გავანებე თავი. მაგრამ რამდენიმე ისეთი აზრი გავიგე, რომ გადავწყვიტე, დამეწერა.


მოდით, ჯერ იმაზე ვიფიქროთ, ემუქრება თუ არა ქართულს საფრთხე და საჭიროა თუ არა მისი დაცვა. ჩემი აზრით, საფრთხე ემუქრება, და დაცვასაც საჭიროებს.

მაგრამ...

საფრთხე იმიტომ კი არ ემუქრება, რომ ჩვენ სხვა ენებს ვისწავლით (სპიჩკა, პრისკი და ტორმუზი რუსულის კარგი ცოდნის შედეგია?), არამედ იმიტომ, რომ ქართული არ ვიცით. მას ჩვენ დავიცავთ სწორი გამართული გამოყენებით, და არა რაიმე სახელმწიფო აკრძალვებით. ეს სამოქალაქო საქმეა, და არა სამთავრობო.

ჩვენი საქმე არ არის, რომ ქართული ანბანი გამოვიყენოთ ჩვენს კომპიუტერებში, და ლათინური ასოებით არ ვწეროთ ელექტრონული წერილები?
ჩვენი საქმე არ არის, რომ გამარჯობა-თ და კარ-ებ-ებ-ი აღარ ვთქვათ? – ამას არც ავსტრალიელი მასწავლებელი გვაძალებს და ვერც მთავრობა აგვიკრძალავს.

ჩვენი საქმე არ არის, რომ ლაზურის შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ? თუ თურქეთის მთავრობის იმედი გვაქვს?
თურმე პრობლემის თავი და თავი ინგლისურის სწავლა ყოფილა პირველი კლასიდან.

გავიგე რამდენიმე საინტერესო აზრი:
• ორი ენის ცოდნა გამოაშტერებს ბავშვს
• ბავშვი ქართულს ვეღარ ისწავლის
• მასწავლებლები გაგვრყვნიან ან/და გადაგვაიეღოველებენ.

მივხვდი მნიშვნელოვან რამეს – ზოგიერთისთვის ეს იდეები არ არის ფიქრის და მსჯელობის შედეგი. მათთვის ეს ფანატიკური რწმენის საგანია.

ამიტომ მე მათ არ მივმართავ. ჩემი არგუმენტები იმათთვისაა განკუთვნილი, ვინც ამ საკითხებზე ფიქრობს.

გამოაშტერებს თუ არა ორი ენის სწავლა სკოლებში ბავშვებს და შეუშლის თუ არა ორი ენის სწავლა ქართულის ათვისებას? ჯერ ერთი, ბავშვი სკოლაში უკვე ქართულად მოლაპარაკე მიდის, და ამიტომ ერთდროულად ის ორ ენას არ სწავლობს – ის სწავლობს ინგლისურს ქართულის მეშვეობით. მსოფლიოში არის ბევრი მაგალითი, როდესაც სხვა ენის სწავლა იმდენად ინტენსიურია, რომ ფაქტობრივად ადამიანი ორენოვანი ხდება – ანუ შეუძლია ორ ენაზე არა მარტო ლაპარაკი, არამედ ფიქრიც კი. თუ მეორე ენის შესწავლა საფრთხეს მოიცავს, მაშინ ორ ენაზე თანაბრად მოლაპარაკე ადამიანი ამ საფრთხემ ყველაზე მეტად უნდა დაზაფროს.

რა ხდება სინამდვილეში?

ეს საკითხი საკმაოდ ბევრი მსჯელობის და შესწავლის საგანი იყო – დაწყებული ჰუმბოლდტის ჰიპოთეზიდან, რომ ორენოვნობა ცუდია, და დამთავრებული დღევანდელი კვლევებით. აქ მე არ მოგაცდენთ იმის აღწერით, რანაირად ზომავდა ორენოვნობის ეფექტს ოციან წლებში საერი უელსში ან ბიალისტოკი დღეს კანადაში. ვისაც უნდა, თვითონ მოძებნოს და წაიკითხოს. მოკლედ რომ ვთქვათ, შედეგი ასეთია – ორენოვნობას არ მოაქვს სიშტერე და დაბნეულობა. პირიქით – როგორც წესი, ორენოვანი ბავშვებიც და დიდებიც უფრო სხარტები არიან, და მოხუცებულობის ჟამსაც კი ცოტათი უფრო დიდხანს ინარჩუნებენ სისხარტეს. როგორც ჩანს, ეს ტვინისთვის დამატებითი სასარგებლო სავარჯიშოა, ისეთივე, როგორც კუნთების ვარჯიში ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.

მაშ თუ ორი ენის თანაბარ ცოდნას (მათ შორის ერთი წლის ასაკიდან) არ მოაქვს ცუდი არაფერი, სკოლაში ქართულად უკვე მოლაპარაკე ბავშვის მიერ ინგლისურის კანტიკუნტად შესწავლას რატომ უნდა მოჰყვეს? ასობით მილიონი ადამიანი ფაქტობრივად ორენოვანია: ბელგიელები, სინგაპურელები, ჰონგკონგელები, კანადელების და ინდოელების დიდი ნაწილი, და ა.შ. რა შორს მივდივართ – სამეგრელოში თითქმის ყველა, მეგრულ ენასაც და ქართულსაც თანაბრად ფლობს (არ დაიჯეროთ, რომ მეგრული ქართულის დიალექტია – იგი ჩამოყალიბებული ქართველური ენაა). დაბნეულობა და სიშტერე არსად არ არის.

რაც შეეხება გადაგვარებას, რელიგიური მრწამსის შეცვლას, გადაჯიშებას, გამოიეღოველობას – საქართველოში ყოველთვის იყვნენ გადამთიელები, რომლებიც ჩვენ შორის ცხოვრობდნენ. მე ვლაპარაკობ არა მარტო დამპყრობლებზე, არამედ მოსახლე მშვიდობიან ხალხზეც – ბერძნები, გერმანელები, ესტონელები, ასირიელები, სომხები, პოლონელები, და ასევე რუსები, თურქები, სპარსელები, არაბები და სხვები. მათ ბევრი სიტყვა დატოვეს ჩვენთან, და დღევანდელი ქართული მაგ სიტყვებით არის სავსე. მაგრამ მაინც ქართულია, მაინც ჩვენი ენაა, და მას მოვუაროთ. როგორ? ვწეროთ ქართულად, ვილაპარაკოთ ქართულად, ვიცოდეთ მისი გამორჩეულობა, ისტორია, გვიყვარდეს ქართული, ვისწავლოთ ქართულად.

P.S. მინდა გამოვტყდე, რომ მეც ინგლისურის სწავლა ადრე დავიწყე – საბავშვო ბაღში. იყო თბილისში, კავსაძის ქუჩაზე, ინგლისური საბავშვო ბაღი. ამიტომ თუ რამე გაუგებარია ამ ტექსტში, ჩემს ამ უბედურებას უნდა დააბრალოთ – მე არაფერ შუაში ვარ.

Tuesday 19 October 2010

Lingua franca

გავაგრძელოთ აღზრდა-განათლებაზე საუბარი.
გასაოცარია რეაქცია პირველი კლასიდან ინგლისურის სავალდებულო შესწავლაზე. აქ კრიტიკის დიაპაზონი ფართოა - ერთის მხრივ - არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა და მეორეს მხრივ - ეროვნულობის დაკარგვა, ქართველების გადაჯიშება, და ა.შ.
საბედნიეროდ, უცხო ენა რომ საჭიროა, ამას უმრავლესობა ეთანხმება. მაგრამ რატომ ინგლისური? (ქართველების გადაჯიშებაზე მერე ვიკამათოთ)
ჩინურს სწავლობ ჩინელებთან ურთიერთობისათვის, კორეულს - კორეელებთან, ნორვეგიულს - ნორვეგიელებთან. ყოველთვის ასეა?
არა. თურქულს თუ ისწავლი, აზერბაიჯანშიც გამოგადგება, შუა აზიაშიც, რუსეთის ზოგიერთ რეგიონშიც; პორტუგალიური - ზოგიერთ აფრიკულ ქვეყნებსა და ბრაზილიაში, ესპანური -ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში.
ასეთ ენებს - რომელთა გამოყენება მათ სამშობლოს სცილდება - ლინგვა ფრანკა ეწოდება.
ინგლისურსაც მხოლოდ ინგლისელებთან მუსაიფისთვის არ სწავლობენ. 300 მილიონი ინგლისელისა და ამერიკელის გარდა, ინგლისურად შეგიძლია ელაპარაკო 125 მილიონი ინდოელს, 80 მილიონ ნიგერიელს, 48 მილიონ ფილიპინელს, 22 მილიონ კანადელს და ა.შ. 53 ქვეყანაში ინგლისურს ოფიციალური სტატუსი აქვს (სხვათაშორის, დიდ ბრიტანეთში, ამერიკაში და ავსტრალიაში ინგლისურს ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია).
გარდა ამისა, ინგლისურად ლაპარაკობენ ყველგან, სადაც ტურისტს ფეხი დაედგმება - გინდა ევროპაში, გინდა ჩინეთში, გინდა ეგვიპტეში და გინდა .... აქ მინდოდა დამეწერა - ბათუმში, ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ .
ეხლა უკვე მესმის ხმები - აი, ხომ ვიძახდით, რომ ქართველები მოსამსახურეებად უნდა გადააქციონ, მაგენი მეისპენო.
ამიტომ ავმაღლდეთ, ზემო სფეროებში ავიდეთ, ტურიზმს გავერიდოთ და მეცნიერებას შევხედოთ - მსოფლიოს ათი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ჟურნალი ინგლისურ ენაზე გამოდის. ნებისმიერ დარგში წამყვანი ათეული ჟურნალიდან ან ათივე ინგლისურენოვანია, ან ძალიან იშვიათად ერთი შეიძლება იყოს ორენოვანი. მე დიდი ხნის ძებნის შედეგად ოთხი ასეთი შემთხვევა ვიპოვე. ის, რომ ინგლისური დღევანდელი მეცნიერების ენაა, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ჩაგვახედოს თავის ტვინში.
კიდევ? ბიზნესს შევხედოთ. მახსოვს ჩემი გაოცება, როდესაც ერთ-ერთი დიდ ავსტრიულ კომპანიაში ვიზიტისას აღმოვაჩინე, რომ შიდა დოკუმენტაცია ინგლისურადა აქვთ! დიდ საერთაშორისო კომპანიას სხვა გზა არა აქვს, ფაქტიურად იძულებულია ინგლისურად იარსებოს.
სხვადასხვა დროს ან სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ლინგვა ფრანკა იყო. მაგალითად, მეცნიერებაში ლათინური - ნიუტონმა თავისი „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური პრინციპები“ გამოაქვეყნა ლათინურად 1687 წელს. ინგლისური თარგმანი მხოლოდ 42 წლის შემდეგ გამოვიდა, მისი სიკვდილის შემდეგ.
ხმელთაშუა ზღვისპირეთში და დასავლეთ აზიაში არაბული იყო ლინგვა ფრანკა - და დღემდე ამის კვალად შემორჩა არაბული სიტყვები ევროპულ ენებში (ქართულშიც, ცხადია) - ადმირალით და ალგორითმით დაწყებული, aubergine = باذنجان (al-bādhinjān) = ბადრიჯანით დამთავრებული.

მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის ფრანგულის და გერმანულის ლინგვა ფრანკობისათვის ბრძოლა ინგლისურის გამარჯვებით დამთავრდა. ინგლისური გახდა მსოფლიოს მეცნიერების, ვაჭრობის, ფინანსების და დიპლომატიის ენა.

ამიტომ ნუ მკითხავთ: რომელი ქვეყნის უცხო ენა შევისწავლოთ?
მკითხეთ - რომელი ლინგვა ფრანკა შევისწავლოთ?
მე გეტყვით - გლობალური და თანამედროვე.
რომელია ეს ენა?

მხოლოდ ინგლისური!

Saturday 9 October 2010

უგზოდ მვლელნოო, უსწავლელნოო

განათლების სისტემა, სკოლა, უნივერსიტეტი - ხანდახან ფეხბურთსაც კი უტოლდებიან პოპულარობით. გუშინწინ ერთი შეხვედრის მერე მეც ბევრი ვილაპარაკე ამ საკითხზე და თუ ასეა, დაწერეთო, მითხრეს. წერა დავიწყე და მივხვდი, რომ ერთი სვეტით ვერ შემოვიფარგლები. ასე რომ მომიწევს რამდენიმეჯერ შეგაწუხოთ.
ძალიან კი თავს ვარიდებდი ამ თემას - ვინაიდან რაც მინდა ვთქვა, ალბათ ნაკლებს მოეწონება. და კარგ ხალხს ვაწყენინებ.
რა არის სკოლის მიზანი - აღზრდა? ცოდნის მიცემა? რომელია მთავარი?
ჩემის აზრით, აღზრდა, სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბება უფრო მნიშვნელოვანია.
მაგრამ უსუბ ეუბნება:
„შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!“
გასაკვირი იქნებოდა, რამე კონკრეტული ცოდნის შესახებ უსუბს იგივე რომ ეთქვა - სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ ალგებრა ან ორგანული ქიმია ვერ მისწავლებიაო - და ჩახმახისთვის ხელი გამოეკრა.
დაამთავრო სკოლა, და შეძლო საზოგადოებაში არსებობა, ჩემის აზრით, ნიშნავს:
• გესმოდეს, რა არის ბუნება, საზოგადოება, ადამიანი და ხელოვნება.
• შეგეძლოს რაოდენობრივი აზროვნება.
• გააგებინო სხვა ადამიანებს შენი აზრი ზეპირად და წერილობით.
• გამოიყენო კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება ახალი ცოდნის შესაძენად.
• მიიღო ეთიკური გადაწყვეტილება მორალური ღირებულებების საფუძველზე.
• აღიარებდე საზოგადოების მრავალფეროვნებას და იყო ტოლერანტული.
• შეგეძლოს საკუთარ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
არავითარ შემთხვევაში საშუალო სკოლაში სწავლის მთავარი მიზანი არ შეიძლება იყოს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება - ეგ მთლიანად ამახინჯებს სასწავლო პროცესს და პიროვნების განვითარების მიზნებს ანაცვლებს დაზეპირებით და მახსოვრობის ვარჯიშით. მზად ვარ შემდგომში ამაზე ბევრი ვიმსჯელო და ვიკამათო.
კი მაგრამ, ხომ გაგიგიათ აზრი, ვაი, ვაი, ეხლა სკოლაში მეცნიერების ამა თუ იმ დარგს არ ასწავლიან ღრმად და კარგადო?
ამ აზრის ფესვები საბჭოთა წარსულშია. საბჭოთა კავშირში სკოლა გადაიქცა უმაღლესი განათლების მოსამზადებელ ეტაპად, ბევრი იყო საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების საათები, ისწავლებოდა სულ უფრო რთულად და რთულად. 70-იან - 80-იან წლებში სასკოლო დისციპლინები ისე გართულდა, რომ მშობლებსაც კი უჭირდათ საშინაო დავალებების ამოხსნა.
საჭირო იყო ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც კარგად ისწავლიდა ფიზიკას, მათემატიკას, ქიმიას, და შექმნიდა ახალ იარაღს. სწორედ ეს საქმიანობა ფინანსდებოდა გულუხვად, და ამ გულუხვობის ნამცეცები სხვა მეცნიერებსაც გადაუვარდებოდა ხოლმე. კარგი იარაღის შემქმნელებს უფლება ჰქონდათ ცოტათი დისიდენტებიც კი ყოფილიყვნენ.
ფაქტიურად შეიქმნა ის, რასაც შეიძლება სამხედრო-საგანმანათლებლო კომპლექსი ვუწოდოთ. და ამ კომპლექსს სჭირდებოდა ახალგაზრდების დიდი ნაკადი. სასკოლო განათლება კი ამ ნაკადს ჰქმნიდა.
სკოლის ასეთ ტრანსფორმაციას - უმაღლესი განათლების მოსამზადებელ საფეხურად - ჰქონდა კერძო ინტერესების მხარდაჭერა - სამხედროები, რომლებსაც ახალი იარაღი უნდოდათ, აკადემიური წრეები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ უკვე საკმაოდ მომზადებული კადრების მოზიდვით, და მშობლები, რომლებიც შვილის პრივილიგირებულ სამეცნიერო კარიერის გზაზე აყენებდნენ. თანაც ბიჭი თუ იყო, საბჭოთა ჯარისაგანაც თავს დაიღწევდა.
ასე სკოლის მიზანი - კომუნისტური საზოგადოების წევრის გაზრდა/აღზრდა - თანდათან ჩანაცვლდა პრაგმატული მიზნით - მოვამზადოთ ის, ვინც შემდეგ წარმატებით ჩააბარებს უმაღლესში, შემდეგ განაგრძობს სამეცნიერო საქმიანობას, გააკეთებს ამის შედეგად კარგ რაკეტას, ტყვიამფრქვევს, ბომბას, ან რამე მსგავსს, გახდება პროფესორი, აკადემიკოსი, მიიღებს ლენინის პრემიას, აგარაკს და ოთხოთახიან ბინას საჩუქრად და ნეკროლოგს გაზეთ „პრავდაში“.
ანუ საბჭოთა განათლების ფაქტიური მიზანი გახდა „ბევრი“ სამეცნიერო ცოდნის მიღება. და ეს მაშინ, იმ დროს, კარგი იყო - ნამდვილად უკეთესი, ვიდრე პატარა მარქსისტ-ლენინელების გამოზრდა. გავიდა დრო, და არაეფექტურობამ და არაადამიანურობამ საბჭოთა კავშირი დაიშალა. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ. ეხლა რა გვინდა?
ჩვენც გვინდა ახალგაზრდებმა ბევრი იცოდნენ, სხაპასხუპით პასუხობდნენ შეკითხვებს, ახსოვდეთ ფორმულები და თარიღები, თუ გვინდა ისინი ღირსეული ადამიანები იყვნენ? გაიზარდონ თუ განსწავლულდნენ?
ხშირად ხდება - ადამიანს ფეხს მოსჭრიან ექიმები, მას კი კვლავაც მოჭრილი ფეხის ცერა თითი ტკივა . ამას ფანტომურ ტკივილებს ეძახიან.
ნაწილობრივ ჩვენც ასეთი ფანტომური ტკივილი გვაწუხებს. დღევანდელი ქართული სკოლა შუაში გაეჩხირა - საბჭოთა სკოლად აღარ ვარგა და თანამედროვე სკოლად არ ჩამოყალიბდა. რატომ და რა უნდა ვქნათ - ამაზე მერე ვილაპარაკებ.

Friday 17 September 2010

ოკუპაციის 200 წელი (13 სექტემბრის ტაბულადან)

საქართველოს სკოლებში - ალბათ მომავალი წლიდან - მასწავლებლები შეძლებენ გამოიყენონ დამხმარე სახელმძღვანელო „ოკუპაციის 200 წელი“
პირველად როცა გავიგე ამ ჯერ არარსებული წიგნის შესახებ, ძალიან შემეშინდა, რომ გამოვიდოდა პრიმიტიული აგიტპროპი, თავისი შეთქმულების თეორიებით და ქართველობის გაბუქებით.
მერე მივხვდი - შეიძლება ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი იყოს. და არა მარტო მოწაფეებისათვის.
რატომ?
თუ თქვენ თვლით, ვერაგმა რუსეთმა უდრეკი ქართველი ხალხი მიიერთა, მაგრამ ვერ დაიმონა, და 200 წელი ჩვენ ყველა გმირულად ვიბრძოდით თავისუფლებისათვის, და სრულად შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ენა, სარწმუნოება, მთლიანობა, მაშინ ზღაპრების მომყოლი გჭირდებათ, და წიგნი არც დაიწეროს, უკეთესია.
თუ გინდათ გაიგოთ, როგორ გავფარჩაკდით, დავკარგეთ ბევრი რამ, შევიძინეთ რაღაც, უფრო სიმახინჯე, ვიდრე სილამაზე, მაინც გადავრჩით, და ეხლა ხელახლა უნდა საკუთარი თავი შევქმნათ, და აგერ ლექსიც ამაზე:

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?

მაშინ სულ სხვანაირი წიგნი გჭირდებათ.
როგორი წიგნი მინდა მე? მე მინდა, რომ ამ წიგნმა:
• დაგვანახოს საქართველო და რუსეთი მსოფლიო ისტორიის ორასწლიან კონტექსტში
• მოყვეს ქართულ კოლაბორაციონიზმზე
• გვაჩვენოს ჩვენში ისეთი საბჭოთა ფენომენების წარმოშობა, როგორიცაა ინტელიგენცია, ორმაგი მორალი და ვითომ თანაბარი, მაგრამ ღრმად სტრატიფიცირებულ საზოგადოება: ვერა-ვაკე vs სოფლელები
• ახსნას, რატომ იყვნენ სტალინი და ბერია საბჭოთა არაკაცები, და არა საამაყო ქართველები
• განიხილოს, როგორ გავხდით კანონიერ ქურდების ქვეყანა და რა იყო ქართული საბჭოთა მილიცია
• გაანალიზოს, როგორ იხრწნებოდა საქართველოს ეკონომიკა და როგორ იყო კორუფცია მოსკოვში ამის ნაწილი
• დაგვაფიქროს, რატომ უნდოდათ მეოცე საუკუნის დასაწყისში გელათელ ბერებს და აკაკი წერეთელს ქართველების კათოლიკობაში გადასვლა
• მოყვეს, თუ როგორ დაბეჩავდა ქართული სოფელი
• გაგვახსენოს, როგორ გაჩდნენ ქართველი თერგდალეული ლიბერალები
• გვასწავლოს, ვინ იყო დიმიტრი ყიფიანი
• გვკითხოს, თუ რა ტრადიციაა მართლაც ქართული, და რა არის საბჭოთა წარმონაქმნი
• აღადგინოს 1832 წლის ამბები
• აღწეროს, რატომა გვაქვს ესეთი საზღვრები?
• აღადგინოს ზუსტად ომი რუსეთთან 08.08.08
• კითხვა დაგვისვას ასეთი რა იცოდა რუსეთმა/ბოლშევიკების პარტიამ, ჩვენ რომ კისერი მოგვიგრიხა?
• და სხვა მრავალი რამ
თქვენი არ ვიცი და მე არ მაწყენდა ასეთი წიგნის წაკითხვა
.

Friday 10 September 2010

იმასაც მოკლედ უვლია, ვინც გძლად ეგონა იარა

ჟურნალის წინა ნომერში ჩემი სვეტი (უფრო მეტსიტყვიანი, ვიდრე სხვა დროს) იყო სამი წარმოდგენა საქართველოს მომავალზე. სამივე შარჟი ანდა კარიკატურა იყო. სამივე სხვადასხვანაირი - იმიტომ რომ მე არ ვიცი, რა მოხდება ზუსტად, და ცხადია სინამდვილე იქნება სხვანაირი. გადაიტანეთ თქვენი წარმოსახვა 1980 წელს, ან 1990 წელს, ან 2000 წელს, და პატიოსნად თქვით, თქვენ იცოდით, 2010 წლის სექტემბერი როგორი იქნებოდა?

მე არ ვიცოდი, და იმედია, არც თქვენ. არსებობს მითი, რომ ვიღაც ძალიან ჭკვიან ხალხს შეუძლია მომავალი განჭვრიტოს. და ამიტომ ეგენი თუ უხელმძღვანელებენ ქვეყანას, და ყველაფერს კარგად დაგეგმავენ - აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია.

მინდა მომავლის წინასწარმეტყველებაზე ვისაუბროთ. დღეს პირველ ამბავს მოგიყვებით.

მობილური ტელეფონი - მის გარეშე ეხლა ცხოვრებას ვერ წარმოიდგენ - ამერიკელმა მარტინ კუპერმა შექმნა, კორპორაცია AT&T-ის თანამშრომელმა, 1973 წელს.

AT&T (American Telephone & Telegraph Co.) მაშინ მსოფლიოს უდიდესი სატელეკომუნიკაციო კორპორაცია იყო. მრავალი მიმართულებით მუშაობდა, მის ლაბორატორიებში იყო შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი - ტრანზისტორი და პროგრამირების ძირითადი ენები, ლაზერი და ტელეტაიპი, რადიოასტრონომია და სმენის აპარატი, ხმოვანი ფილმი და ინფორმაციის თეორია, იმ დროისთვის ხუთ თანამშრომელს ნობელის პრემია ჰქონდა მიღებული. რაც მთავარია - თვით ტელეფონიც AT&T-ის შვილია - კომპანია ტელეფონის გამომგონებელმა გრემ ბელმა დააფუძნა.

ამას რაზე გიყვებით? რომ არ იფიქროთ არიფები იყვნენო.

ასე რომ მობილური ტელეფონი თუ სადმე უნდა გამოეგონებინათ, ეს ალაგი AT&T უნდა ყოფილიყო.
გადიოდა წლები, კუპერი სულ უფრო და უფრო ხვეწავდა გამოგონებას, მაგრამ მაინც მძიმე იყო ჯერჯერობით მობილური, ძვირი ჯდებოდა, და დაიწყო კორპორაციაში კამათი, ჰქონდა თუ არა ამ გამოგონებას ბიზნეს-პერსპექტივა. მომხრეებიც ყავდა მობილურ ტელეფონს, და უფრო მეტნი, რომ თვლიდნენ - აქედან არაფერი გამოვაო.

1980 წელს მსოფლიოს ყველაზე მაგარმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ გადაწყვიტა, ამაზე პასუხისათვის ყველაზე მაგარი კონსულტანტები მოეწვია. ეს ძალიან მიღებულია - დამოუკიდებელი ხალხი სხვანაირად შეხედავს საქმეს და შეიძლება ისეთი რამ დაინახოს, რაც შიგნიდან არ ჩანს.

რამდენიმე კომპანია იბრალებს ყველაზე მაგრობას, მაგრამ კომპანია მაკ კინსი (McKinsey) ერთერთი აღიარებული ლიდერია.

ყველაზე მძლავრი ტვინები შეეჭიდნენ პრობლემას.

AT&T საკითხი მათ ასე დაუსვა - როგორი იქნება 20 წლის შემდეგ მობილური ტელეფონების ბაზარი მსოფლიოში?

მაკ კინსის ჭკვიანმა კონსულტანტებმა დიდხანს იფიქრეს, ესაუბრეს AT&T-ის გენიოს ინჟინრებს, აკეთეს გამოთვლები, შექმნეს მათემატიკური მოდელები, გაითვალისწინეს, რომ მობილური აპარატი მომავალში გაიაფდებოდა და მსუბუქი გახდებოდა.

და უპასუხეს - 2000 წელს გაიყიდება არა უმეტეს 1 მილიონი აპარატისა!

მაშინ რას იზამო, თქვა AT&T-იმ და დახურა პროექტი.

1997 წელს გაიყიდა 107 მილიონი მობილური ტელეფონი.
1998 წელს გაიყიდა 175 მილიონი მობილური ტელეფონი.
1999 წელს გაიყიდა 295 მილიონი მობილური ტელეფონი.
2000 წელს გაიყიდა 415 მილიონი მობილური ტელეფონი.

1994 წელს AT&T-იმ იყიდა კომპანია McCaw Communications 11,5 მილიარდ დოლარად, თუნდაც დაგვიანებით რომ მობილური მომსახურების ბაზარზე შესულიყო.

სულელები! ეს ხომ ყველასთვის ცხადი იყო, რომ მობილურს დიდი მომავალი ექნებოდა! აგერ, გავიდეთ ქუჩაში და ვისაც გინდა ვკითხოთ - ყველა გეტყვის!

Friday 20 August 2010

რუსული ცხენი

ეს არის ჩემი სვეტი 28 ივნისის ტაბულადან

დღეს დილით რომ გავიღვიძე, გორში სტალინის ძეგლი უკვე აღარ იდგა, მუზეუმში გადაიტანეს. ყველას გილოცავთ. მთავრობამ კარგი საქმე გააკეთა. ნებისმიერი საქმის გაკეთებას ფული ჭირდება. ბევრი საქმის კეთებას კი – ბევრი ფული. მაშინ რა არის უკეთესი - დიდი თუ პატარა ბიუჯეტი? საგადასახადო განხილვებმა ეს დისკუსია გამოაცოცხლა. და საერთოდ, დიდი რომ პატარას აჯობებს, ამაზე რას ვკამათობთ?!
დიდ ბიუჯეტს შეიძლება ორნაირად მივაღწიოთ - მაღალი გადასახადები გვქონდეს ან ყოველწლიურად ვალი ავიღოთ და ასე ვიცხოვროთ. პირველი გზა იგივეა - შენით ფეხი რომ მოიტეხო, მეორე გზა კი - შენით თავი ჩამოიხრჩო. ერთ შემთხვევაში შენ ნელა განვითარდები, მეორე შემთხვევაში - ფინანსურ კატასტროფამდე მიხვალ.
შეიძლება ორივე ერთად გააკეთო - დიდი გადასახადებიც გქონდეს და ბევრ სესხიც აიღო. ნელაც განვითარდე და ფინანსური კატასტროფის მარყუჟშიც გაყო თავი. ესე იყო საბერძნეთში - და შედეგიც ჩანს - ევროკავშირის წევრი ქვეყანა გადარჩა მხოლოდ მთელი მსოფლიოს დახმარების ხარჯზე. თუმცა საბერძნეთში მუდმივი გაფიცვები და დემონსტრაციებია - შარშანდელი გალიები სიწყნარის და სიმშვიდის გამოსახულებაა იმასთან შედარებით, რაც იქ ხდება. ერთ-ერთ ბანკს გარედან ცეცხლი წაუკიდეს და ხუთი ბანკირი შენობის შიგნით დაწვეს.
მიმიქარავს ბიშკეკი!
მრავალი ქვეყანის ბიუჯეტი და განვითარება (ზრდის ტემპი) 1960-1996 წლის განმავლობაში გამოიკვლიეს ამერიკელმა ეკონომისტებმა და აღმოაჩინეს შემდეგი:

ანუ, რაც უფრო მეტია მთავრობის ხარჯების წილი მშპ-ში( რაც უფრო დიდია ბიუჯეტი), მით უფრო ნელა ვითარდება ეკონომიკა. აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივად და სტაბილურად ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ხუთი ეკონომიკა ვითარდებოდა - ჰონკონგის, ტაივანის, სამხრეთ კორეის, სინგაპურის და მალაიზიის. და ამ ხუთ ქვეყანას ჰქონდა საშუალო ზრდის ტემპი 5%-ზე მეტი. და ბიუჯეტი მშპ-ს 25%-ზე ნაკლები. მეტიც - მალაიზიას ბიუჯეტი სხვებზე მეტი ჰქონდა და შედეგად, განვითარება ნაკლები.
ეხლა ამ ქვეყნებს ჩინეთიც დაემატა. ცხადია, დაბალი გადასახადებით.
ჩვენ ვართ ჯერჯერობით მეორე სვეტში - 25-30%.
თუ ამბიციები არა გვაქვს, მაშინ არაუშავს.
ჩემი სიმპატია კი უფრო პატარა ბიუჯეტის და უფრო დაბალი გადასახადების მხარესაა.
აქ ერთი ისტორია უნდა მოვყვე - ძალიან მნიშვნელოვანი.
2008 წლის 26 აგვისტოს პუტინის, ბაღაფშის და კოკოითის ერთობლივი პრეს-კონფერენციის დროს, პუტინმა გამოაცხადა - ჩვენ საქართველოსაც ვეხმარებითო:
"Грузия получает немалые средства через МВФ. Мы являемся активным членом МВФ и регулярно выделяем этой международной финансовой организации немалые ресурсы, которые затем распределяются между нуждающимися странами, в том числе поступают в Грузию".
რამდენიმე კვირის შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქართველოზე მსჯელობისას, ფონდის რუსმა დირექტორმა ალექსეი მოჟინმა ყველას გასაოცრად თქვა: მივცეთ საქართველოს უფრო მეტი ფული, ვიდრე ითხოვსო. დახარჯონ მეტი, ნუ დაზოგავენო.
ოღონდ ერთი პატარა პირობით - გადასახადები გაზარდონო!
მაშინ სხვა დირექტორებმა ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.
პირიქით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება შეემცირებინა საშემოსავლო გადასახადი 20%-მდე. ეს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ომი+მსოფლიო კრიზისი შედარებით იოლად გადავიტანეთ.
როდესაც ბერძნებმა ხის ცხენი, შიგ დამალული მეომრებით, მიართვეს ტროას, ლაოკოონი უყვიროდა ტროელებს - „რაც უნდა იყოს, ძღვენიც მოჰქონდეს, მზარავს შიშით მე დანაელი“ - ანუ ბერძნების გეშინოდეთო, თუნდაც საჩუქარი მოქონდეთო.
ჩვენს მტერს უნდა, რომ ჩვენ
• მეტი ფული ვხარჯოთ,
• გადასახადები გავზარდოთ,
• ვალები ავიღოთ.
რა ვქნათ?

იძულება სამოთხისაკენ

ეს არის ჩემი სვეტი 3 მაისის ტაბულადან

ხშირად მომისმენია - ნახე, მავანმა მთავრობამ რა ჭკვიანურად გააკეთა - ეს აკრძალა, და ამაზე ნება დართო. კაპიტალის გატანა აკრძალა, შემოტანა კი პირიქით, წაახალისა. ან ბრინჯის იმპორტი აკრძალა, ადგილობრივ გლეხებს კი სუბსიდია მისცა. და ასე შემდეგ...
ხანდახან ასეთ მოქმედებას აქვს პოლიტიკური შინაარსი, ხან ეს სუფთა პოპულიზმია, ხან კი - პოლიტიკური სისულელე.
მაგრამ მათ აქვთ ეკონომიკური შინაარსი? შეიძლება თუ არა აიძულო ეკონომიკა გაიზარდოს?
არა, პოზიტიური ეკონომიკური შინაარსი ასეთ მოქმედებას არ გააჩნია. კიდევ ერთხელ - ეკონომიკური შინაარსი არ გააჩნია, იშვიათად გააჩნია პოლიტიკური შინაარსი.
არის ბევრი მიზეზი, რატომაც არ შეუძლია მთავრობას ეკონომიკის იძულებითი განვითარება. დღეს მხოლოდ ერთ მათგანზე მოგიყვებით.
ინგლისელმა ეკონომისტმა დავიდ რიკარდომ 1817 წელს დაასაბუთა, რომ თუ თითოეულ ქვეყანაში აწარმოებენ იმას, რაც ყველაზე კარგად გამოსდით, და მერე ამ პროდუქტებს გაცვლიან, ორივე ქვეყანა უფრო კარგ შედეგს მიაღწევს. მისი ცნობილი მაგალითია ინგლისსა და პორტუგალიაში ღვინის და ტანსაცმლის წარმოება. ამ მაგალითზე რიკარდომ აჩვენა, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღწევა მაშინ, როცა ქვეყნებს შორის ხდება სპეციალიზაცია, და როდესაც ინგლისი აწარმოებს მხოლოდ ტანსაცმელს, პორტუგალია კი - მხოლოდ ღვინოს, და ერთმანეთში ვაჭრობენ.
ამერიკელმა ეკონომისტმა სამუელსონმა, უკვე მეოცე საუკუნეში, დაამატა, რომ თუ თუ თითოეული ადამიანი აკეთებს იმას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის, ჯამური შედეგი არის მაქსიმალური. თუ თქვენ ერთდროულად ხართ ყველაზე კარგი იურისტი და ყველაზე კარგი მდივანი, და იურისტის ანაზღაურება მეტია, მაშინ ყველაზე კარგი ფინანსური შედეგი გექნებათ, როდესაც თქვენ მთელ დროს იურისტობას დაახარჯავთ და მდივანს კი დაიქირავებთ. მდივნისთვისაც ეს იქნება ყველაზე ეფექტური შედეგი.
მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს, იურისტი იურისტობდეს და მდივანი მდივნობდეს.
მრავალი ადამიანის შემთხვევაში - თითოეული ადამიანი ცდილობს მიაღწიოს თავისთვის ოპტიმალურ შედეგს. რაც უფრო ნაკლები შეზღუდვაა ეკონომიკში, მით უფრო ოპტიმალურად გამოიყენებს ადამიანი თავის თავს. რაც უფრო ნაკლები შეზღუდვაა ეკონომიკაში, მით უფრო ადვილად გაცვლის (გაყიდის) ადამიანი თავისი შრომის შედეგს.
რაც უფრო მეტია შეზღუდვა ეკონომიკაში - მით უფრო რთულია ამ საყოველთაო ოპტიმუმის მიღწევა.
ეკონომიკა, სადაც ყოველგვარი არაძალადობრივი ეკონომიკური საქმიანობა დაშვებულია, არის თავისუფალი ეკონომიკა. ძალადობრივი საქმიანობისთვის (ძალადობაში მოტყუებაც შედის) კი არსებობს სასამართლო, ჯარიმა და ციხე.
თუ მთავრობას უნდა ეკონომიკის განვითარება, შეიძლება წარმოვიდგინოთ ორი გზა: პირველი - ხელი არ შეუშალოს ადამიანს იყოს მაქსიმალურად ეფექტური, და მეორე - აიძულოს ადამიანი იყოს უფრო ეფექტური. როგორ წარმოგიდგენიათ, აკრძალვებით, დაშინებით და მოტყუებით შეიძლია გავზარდოთ თქვენი ეკონომიკური ეფექტურობა? სხვისი? ყველასი?
უნივერსიტეტის მეოთხეკურსელებმა გადავწყვიტეთ სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება. მცირედი დახმარება გვინდოდა რექტორატისაგან. მაშინ თსუ-ს პრორექტორი ცნობილი იურისტი სერგო ჯორბენაძე იყო. მოვუყევით ყველაფერი. მოგვისმინა და გვითხრა: „ძალიან მომწონს რის გაკეთებასაც აპირებთ, ხელს არ შეგიშლითო“. ჩვენ გაწბილებულები გამოვედით. ყველანი ვდუღდით - როგორ, რას ნიშნავს ხელს არ შეგვიშლიან?! ეს დახმარების სანაცვლოდ???
მრავალი წლის შემდეგ მივხვდი, რაოდენ სწორი იყო ჩვენი პრორექტორი.
სწორედ ასე - რაც შეიძლება მთავრობამ გააკეთოს კარგი - ხელი არ შეუშალოს არავის.