Tuesday 19 October 2010

Lingua franca

გავაგრძელოთ აღზრდა-განათლებაზე საუბარი.
გასაოცარია რეაქცია პირველი კლასიდან ინგლისურის სავალდებულო შესწავლაზე. აქ კრიტიკის დიაპაზონი ფართოა - ერთის მხრივ - არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა და მეორეს მხრივ - ეროვნულობის დაკარგვა, ქართველების გადაჯიშება, და ა.შ.
საბედნიეროდ, უცხო ენა რომ საჭიროა, ამას უმრავლესობა ეთანხმება. მაგრამ რატომ ინგლისური? (ქართველების გადაჯიშებაზე მერე ვიკამათოთ)
ჩინურს სწავლობ ჩინელებთან ურთიერთობისათვის, კორეულს - კორეელებთან, ნორვეგიულს - ნორვეგიელებთან. ყოველთვის ასეა?
არა. თურქულს თუ ისწავლი, აზერბაიჯანშიც გამოგადგება, შუა აზიაშიც, რუსეთის ზოგიერთ რეგიონშიც; პორტუგალიური - ზოგიერთ აფრიკულ ქვეყნებსა და ბრაზილიაში, ესპანური -ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში.
ასეთ ენებს - რომელთა გამოყენება მათ სამშობლოს სცილდება - ლინგვა ფრანკა ეწოდება.
ინგლისურსაც მხოლოდ ინგლისელებთან მუსაიფისთვის არ სწავლობენ. 300 მილიონი ინგლისელისა და ამერიკელის გარდა, ინგლისურად შეგიძლია ელაპარაკო 125 მილიონი ინდოელს, 80 მილიონ ნიგერიელს, 48 მილიონ ფილიპინელს, 22 მილიონ კანადელს და ა.შ. 53 ქვეყანაში ინგლისურს ოფიციალური სტატუსი აქვს (სხვათაშორის, დიდ ბრიტანეთში, ამერიკაში და ავსტრალიაში ინგლისურს ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია).
გარდა ამისა, ინგლისურად ლაპარაკობენ ყველგან, სადაც ტურისტს ფეხი დაედგმება - გინდა ევროპაში, გინდა ჩინეთში, გინდა ეგვიპტეში და გინდა .... აქ მინდოდა დამეწერა - ბათუმში, ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ .
ეხლა უკვე მესმის ხმები - აი, ხომ ვიძახდით, რომ ქართველები მოსამსახურეებად უნდა გადააქციონ, მაგენი მეისპენო.
ამიტომ ავმაღლდეთ, ზემო სფეროებში ავიდეთ, ტურიზმს გავერიდოთ და მეცნიერებას შევხედოთ - მსოფლიოს ათი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ჟურნალი ინგლისურ ენაზე გამოდის. ნებისმიერ დარგში წამყვანი ათეული ჟურნალიდან ან ათივე ინგლისურენოვანია, ან ძალიან იშვიათად ერთი შეიძლება იყოს ორენოვანი. მე დიდი ხნის ძებნის შედეგად ოთხი ასეთი შემთხვევა ვიპოვე. ის, რომ ინგლისური დღევანდელი მეცნიერების ენაა, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ჩაგვახედოს თავის ტვინში.
კიდევ? ბიზნესს შევხედოთ. მახსოვს ჩემი გაოცება, როდესაც ერთ-ერთი დიდ ავსტრიულ კომპანიაში ვიზიტისას აღმოვაჩინე, რომ შიდა დოკუმენტაცია ინგლისურადა აქვთ! დიდ საერთაშორისო კომპანიას სხვა გზა არა აქვს, ფაქტიურად იძულებულია ინგლისურად იარსებოს.
სხვადასხვა დროს ან სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ლინგვა ფრანკა იყო. მაგალითად, მეცნიერებაში ლათინური - ნიუტონმა თავისი „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური პრინციპები“ გამოაქვეყნა ლათინურად 1687 წელს. ინგლისური თარგმანი მხოლოდ 42 წლის შემდეგ გამოვიდა, მისი სიკვდილის შემდეგ.
ხმელთაშუა ზღვისპირეთში და დასავლეთ აზიაში არაბული იყო ლინგვა ფრანკა - და დღემდე ამის კვალად შემორჩა არაბული სიტყვები ევროპულ ენებში (ქართულშიც, ცხადია) - ადმირალით და ალგორითმით დაწყებული, aubergine = باذنجان (al-bādhinjān) = ბადრიჯანით დამთავრებული.

მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის ფრანგულის და გერმანულის ლინგვა ფრანკობისათვის ბრძოლა ინგლისურის გამარჯვებით დამთავრდა. ინგლისური გახდა მსოფლიოს მეცნიერების, ვაჭრობის, ფინანსების და დიპლომატიის ენა.

ამიტომ ნუ მკითხავთ: რომელი ქვეყნის უცხო ენა შევისწავლოთ?
მკითხეთ - რომელი ლინგვა ფრანკა შევისწავლოთ?
მე გეტყვით - გლობალური და თანამედროვე.
რომელია ეს ენა?

მხოლოდ ინგლისური!

Saturday 9 October 2010

უგზოდ მვლელნოო, უსწავლელნოო

განათლების სისტემა, სკოლა, უნივერსიტეტი - ხანდახან ფეხბურთსაც კი უტოლდებიან პოპულარობით. გუშინწინ ერთი შეხვედრის მერე მეც ბევრი ვილაპარაკე ამ საკითხზე და თუ ასეა, დაწერეთო, მითხრეს. წერა დავიწყე და მივხვდი, რომ ერთი სვეტით ვერ შემოვიფარგლები. ასე რომ მომიწევს რამდენიმეჯერ შეგაწუხოთ.
ძალიან კი თავს ვარიდებდი ამ თემას - ვინაიდან რაც მინდა ვთქვა, ალბათ ნაკლებს მოეწონება. და კარგ ხალხს ვაწყენინებ.
რა არის სკოლის მიზანი - აღზრდა? ცოდნის მიცემა? რომელია მთავარი?
ჩემის აზრით, აღზრდა, სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბება უფრო მნიშვნელოვანია.
მაგრამ უსუბ ეუბნება:
„შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!“
გასაკვირი იქნებოდა, რამე კონკრეტული ცოდნის შესახებ უსუბს იგივე რომ ეთქვა - სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ ალგებრა ან ორგანული ქიმია ვერ მისწავლებიაო - და ჩახმახისთვის ხელი გამოეკრა.
დაამთავრო სკოლა, და შეძლო საზოგადოებაში არსებობა, ჩემის აზრით, ნიშნავს:
• გესმოდეს, რა არის ბუნება, საზოგადოება, ადამიანი და ხელოვნება.
• შეგეძლოს რაოდენობრივი აზროვნება.
• გააგებინო სხვა ადამიანებს შენი აზრი ზეპირად და წერილობით.
• გამოიყენო კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება ახალი ცოდნის შესაძენად.
• მიიღო ეთიკური გადაწყვეტილება მორალური ღირებულებების საფუძველზე.
• აღიარებდე საზოგადოების მრავალფეროვნებას და იყო ტოლერანტული.
• შეგეძლოს საკუთარ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
არავითარ შემთხვევაში საშუალო სკოლაში სწავლის მთავარი მიზანი არ შეიძლება იყოს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება - ეგ მთლიანად ამახინჯებს სასწავლო პროცესს და პიროვნების განვითარების მიზნებს ანაცვლებს დაზეპირებით და მახსოვრობის ვარჯიშით. მზად ვარ შემდგომში ამაზე ბევრი ვიმსჯელო და ვიკამათო.
კი მაგრამ, ხომ გაგიგიათ აზრი, ვაი, ვაი, ეხლა სკოლაში მეცნიერების ამა თუ იმ დარგს არ ასწავლიან ღრმად და კარგადო?
ამ აზრის ფესვები საბჭოთა წარსულშია. საბჭოთა კავშირში სკოლა გადაიქცა უმაღლესი განათლების მოსამზადებელ ეტაპად, ბევრი იყო საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების საათები, ისწავლებოდა სულ უფრო რთულად და რთულად. 70-იან - 80-იან წლებში სასკოლო დისციპლინები ისე გართულდა, რომ მშობლებსაც კი უჭირდათ საშინაო დავალებების ამოხსნა.
საჭირო იყო ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც კარგად ისწავლიდა ფიზიკას, მათემატიკას, ქიმიას, და შექმნიდა ახალ იარაღს. სწორედ ეს საქმიანობა ფინანსდებოდა გულუხვად, და ამ გულუხვობის ნამცეცები სხვა მეცნიერებსაც გადაუვარდებოდა ხოლმე. კარგი იარაღის შემქმნელებს უფლება ჰქონდათ ცოტათი დისიდენტებიც კი ყოფილიყვნენ.
ფაქტიურად შეიქმნა ის, რასაც შეიძლება სამხედრო-საგანმანათლებლო კომპლექსი ვუწოდოთ. და ამ კომპლექსს სჭირდებოდა ახალგაზრდების დიდი ნაკადი. სასკოლო განათლება კი ამ ნაკადს ჰქმნიდა.
სკოლის ასეთ ტრანსფორმაციას - უმაღლესი განათლების მოსამზადებელ საფეხურად - ჰქონდა კერძო ინტერესების მხარდაჭერა - სამხედროები, რომლებსაც ახალი იარაღი უნდოდათ, აკადემიური წრეები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ უკვე საკმაოდ მომზადებული კადრების მოზიდვით, და მშობლები, რომლებიც შვილის პრივილიგირებულ სამეცნიერო კარიერის გზაზე აყენებდნენ. თანაც ბიჭი თუ იყო, საბჭოთა ჯარისაგანაც თავს დაიღწევდა.
ასე სკოლის მიზანი - კომუნისტური საზოგადოების წევრის გაზრდა/აღზრდა - თანდათან ჩანაცვლდა პრაგმატული მიზნით - მოვამზადოთ ის, ვინც შემდეგ წარმატებით ჩააბარებს უმაღლესში, შემდეგ განაგრძობს სამეცნიერო საქმიანობას, გააკეთებს ამის შედეგად კარგ რაკეტას, ტყვიამფრქვევს, ბომბას, ან რამე მსგავსს, გახდება პროფესორი, აკადემიკოსი, მიიღებს ლენინის პრემიას, აგარაკს და ოთხოთახიან ბინას საჩუქრად და ნეკროლოგს გაზეთ „პრავდაში“.
ანუ საბჭოთა განათლების ფაქტიური მიზანი გახდა „ბევრი“ სამეცნიერო ცოდნის მიღება. და ეს მაშინ, იმ დროს, კარგი იყო - ნამდვილად უკეთესი, ვიდრე პატარა მარქსისტ-ლენინელების გამოზრდა. გავიდა დრო, და არაეფექტურობამ და არაადამიანურობამ საბჭოთა კავშირი დაიშალა. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ. ეხლა რა გვინდა?
ჩვენც გვინდა ახალგაზრდებმა ბევრი იცოდნენ, სხაპასხუპით პასუხობდნენ შეკითხვებს, ახსოვდეთ ფორმულები და თარიღები, თუ გვინდა ისინი ღირსეული ადამიანები იყვნენ? გაიზარდონ თუ განსწავლულდნენ?
ხშირად ხდება - ადამიანს ფეხს მოსჭრიან ექიმები, მას კი კვლავაც მოჭრილი ფეხის ცერა თითი ტკივა . ამას ფანტომურ ტკივილებს ეძახიან.
ნაწილობრივ ჩვენც ასეთი ფანტომური ტკივილი გვაწუხებს. დღევანდელი ქართული სკოლა შუაში გაეჩხირა - საბჭოთა სკოლად აღარ ვარგა და თანამედროვე სკოლად არ ჩამოყალიბდა. რატომ და რა უნდა ვქნათ - ამაზე მერე ვილაპარაკებ.