Saturday 3 April 2010

მთხოვეს საბჭოთა გავლენაზე დამეწერა. საბჭოთა გავლენაზე საქართველოს ეკონომიკაზე. ესეც საბჭოთა გავლენის შედეგია - ცხოვრების ნაწილებად დაყოფა - მაგალითად რომ დავწერო, რომ პანაშვიდების ტრადიცია დღევანდელი ფორმით არის საბჭოთა გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - ალბათ რედაქცია და მკითხველებიც იტყვიან - ეეე, სულ დაუფსტვინა ამ კაცმა, სად პანაშვიდები და სად ეკონომიკა.
ეს არის საბჭოთა გავლენა - წარმოდგენა ეკონომიკაზე როგორც ქარხნებზე და ფაბრიკებზე. მაშ რა არის ეკონომიკა, განა რამე სხვა?
დიახ. ეკონომიკა სწავლობს, თუ როგორ იქცევა ადამიანი, რათა მიაღწიოს მიზნებს მწირი საშუალებებით, რომელთა სხვანაირი გამოყენებაც შესაძლებელია. და შესაბამისად თითქმის ყველაფერი ეხება ეკონომიკას და ეკონომიკა თითქმის ყველგანაა.
და ამიტომ ყველანაირი ფრაზები და აზრები რაღაცნაირი ცალკე აღებული ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, ან ფრაზა - „მაგათ ეკონომიკას მიხედონ“ არის საქართველოზე საბჭოთა გავლენის შედეგი. ალბათ თქვენ ამას ისედაც გრძნობთ, რომ თუ როგორი გვაქვს სასამართლო, როგორ ვექცევით ნათესავებს, რისი გაკეთება გვეშინია და როგორი განათლება გვინდა - ყველაფერი გავლენას ახდენს ჩვენს კეთილდღეობაზე, ბიზნესის განვითარებაზე. ასე რომ ეკონომიკა ყველა ადამიანის მოქმედების შედეგია და არა ქარხნები და ფაბრიკები. მცდარი წარმოდგენა ეკონომიკაზე არ არის ერთადერთი ნარჩენი საბჭოთა აზროვნების, მგრამ მის პატივსაცემათ მოგიყვებით პატარა ისტორიას ერთ ქარხანაზე - თვალსაჩინო ნარჩენზე საბჭოთა ეკონომიკური აზროვნების.
მაგალითად რუსთავის მეტალურგიული კომბინატი. ეს უზარმაზარი ფართობის (მსოფლიო მასშტაბით) ქარხანა აწარმოებდა ძალიან ცოტა (მსოფლიო მასშტაბით) ფოლადს, და არასოდეს ამას არ აკეთებდა მოგებით. არის ესეთი ცნობილი ადამიანი, ყველაზე დიდი ფოლადის მწარმოებელი მსოფლიოში, ლაქშმი მიტალი. მან თავისი ბიზნესი ააგო ძველი, უვარგისი საწარმოების იაფად შეძენით და შემდეგ მათი გაჯანსაღებით. წელიწადში მისი ფირმა მეტ ფოლადს აწარმოებს, ვიდრე რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს აქვს ნაწარმოები მთელი თავისი ისტორიის მანძილზე.
2004 წელს მიტალი საქართველოში ჩამოვიდა და რუსთავში გაემგზავრა. წასვლამდე ცოტა ხნით შევხვდით და ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი - იძახდა, ეგეთები აგვიწევია, პატარა ქარხანაა, უცბათ ავამუშავებო. რუსთავიდან დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთხელ შევხვდი. კაცმა იმით დაიწყო, ეს ქარხანა რისთვის ააშენეს, მითხარითო. მე ვუპასუხე - ფოლადის წარმოებისთვის-მეთქი. არა, არ შეიძლება ამ ქარხანაში ფოლადის წარმოება მომგებიანი ყოფილიყოო. მე ბევრი წარხანა მაქვს და კიდევ უფრო მეტი მინახავს, ასე არავინ არ აშენებს ქარხანას, ესეთი ქარხანა სულ მუდამ დაკარგავს ფულსო. ჩაჯდა თვითმფრინავში და გაფრინდა.
რა შეეშალა მიტალს? შეეშალა რამე? დიახ!
მან არ იცოდა, რომ რუსთავის კომბინატი თავიდანვე შეიქმნა როგორც ე.წ. გეგმიურად წამგებიანი საწარმო - რუსულად планово убыточное предприятие.
საიდან უნდა ცოდნოდა მას ეს საბჭოთა აბსურდი?
ეს არის საწარმო, რომლის ოპერირების ხარჯები აღემატება მის შემოსავალს. ხანდახან ეს ფასების რეგულირების გამო ხდებოდა და ფასების ლიბერალიზაციამ მოარჩინა ასეთი საწარმოები. მაგრამ რუსთავის კომბინატი სულ სხვაა - ის შექმნილი იყო წამგებიან საწარმოდ, და იმ ტექნოლოგიურ ფორმატში ვერასოდეს გააკეთებდა ფულს.
ესეც მოხდა. როდესაც მისი სუბსიდირება შეწყდა, მისი ბედიც გადაწყდა.
რამდენი ასეთი უკუღმართი რამ გვაქვს საბჭოთა მემკვიდრეობის სიაში! დაწყებული ზოგიერთი „ქართული“ ტრადიციიდან და დამთავრებული ზოგიერთი სამინისტროთი.
არ ვიცი, გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ საბჭოთა კავშირის და მისი ყოფილი ნაწილების გარდა არსად არ არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიცაა ინტელიგენცია. რომ ტერმინი - შემოქმედებითი ინტელიგენცია - საბჭოთა ტერმინია, რომ ფრაზა - საავადმყოფოს კოლექტივმა ყველაფერი გააკეთა - არ ითარგმნება ინგლისურად.
ამ ყველაფრის ამოძირკვას დიდი დრო და გულისხმევა სჭირდება. მთავარია ჩვენი სულებიდან ამოვიღოთ. ამაზე ალბათ ცალკე ვისაუბრებთ. ჩავთვალოთ, რომ ეს პატარა ნარკვევი უფრო ნივთების სამყაროს ეხება. აქაც ბევრია საბჭოთა - სტალინის ძეგლი, ნამგალი და ურო საზოგადოებრივ შენობებზე, საქართველოს რკინიგზაზე მანძილების ათვლა მოსკოვის ცენტრიდან, და მრავალი სხვა...
და სანამ დაგემშვიდობებით, ერთ ასეთ ლამაზ საბჭოთა გადმონაშთზე მოგიყვებით.
2008 წელს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი რომ გავხდი, გადავწყვიტე ყველა ქვეგანაყოფის საჭიროება შემესწავლა. შევხვდი ხელმძღვანელებს, ასევე დავიწყე დეტალების შესწავლა. სია მომიტანეს, ვითომ ყველაფერ გასაგები იყო, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ფიზკულტურის ინსტრუქტორს, მასაჟისტს და კბილის ექიმს (ეს ყველაფერი ასევე ტკბილი საბჭოთა გადმონაყოლი). რამდენიმე თვის შემდეგ (!) შემდეგ სარდაფში აღმოვაჩინე ტიპოგრაფია. რა ტიპოგრაფია, რის ტიპოგრაფია, რაში გვჭირდება, დავიწყე გარკვევა. და აღმოვაჩინე, რა პროდუქციას ვუშვებდით - მთავრობის გადაწყვეტილებები თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ გამოიცემოდა თვეში ერთხელ წიგნის სახით. საკმაოდ კარგი ხარისხის წიგნი იყო. ტირაჟიც დიდი არ ჰქონდა. ერთი იყო საინტერესო - მხოლოდ რუსულ ენაზე გამოდიოდა.

3 comments:

  1. რა ეშველება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას?

    ReplyDelete
  2. მართალია, ბატონო კახა, აზროვნებაშია პრობლემა, სხვა არსად და არანაირი პრობლემა არა აქვს ადამიანს ... თავად აზროვნების პროცესით არ ინტერესდება დღეს ადამიანი ... ურთულესი საკითხია ... არც იმ პაპუასებს აწუხებთ ეს პრობლემა ... ასე გაიგეს და ასეა მთელი ცხოვრების მანძილზე ...

    ReplyDelete
  3. უკვე შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელმა დღემ კარგად ჩაიარა... შესანიშნავი ბლოგი ვიპოვე :)

    ReplyDelete