გაზეთებში შეგიძლიათ ნახოთ, რომ საქართველოს მშპ/სულზე არის 2900 დოლარი, და მეორე დღეს ასევე გაიგოთ, რომ ეს მაჩვენებელი 4400 დოლარია. იტყუებიან? არა. ეს დათვლის ორი გზაა. პირველი - ითვლიან მშპ-ს საბაზრო ფასებში - თუ ვაწარმოეთ 10 000 ტონა ვაშლი და დაახლოებით 10 ცენტად გავყიდეთ - ეს არის 1 მილიონი დოლარის წვლილი მშპ-ში. მეორე გზა - თუ ვაშლი მსოფლიოში ღირს 30 ცენტი /კილო, მაშინ ჩვენ რომ 3 მილიონი დოლარის ვაშლი შეგვიჭამია. ასეთ დათვლას ჰქვია PPP (purchase power parity)-based ანუ მსყიდველობისუნარიანობის თანაბრობაზე დაფუძნებული, და უფრო რეალურად ასახავს დოვლათს. ასე დათვლილი ჩვენი მშპ/სულზე დაახლოებით 4400 დოლარია.(ყველგან გამოყენებულია დაზვერვის ცენტრალური სამსახურის მონაცემები)
ბევრია ეს თუ ცოტაა?
ცოტაა. ამ მაჩვენებლით ვართ 149 ადგილას მსოფლიოში - დიდი ვერაფერი შედეგია. ცოტათი ჩამოვრჩებით სირიას და მაროკოს, და ცოტათი ვუსწრებთ ჰონდურასს და პარაგვაის. მნიშვნელოვნად ვუსწრებთ რამდენიმე ათეულ ქვეყანას ღარიბ და უღარიბეს ქვეყანას. უფრო შეძლებულები ვართ, ვიდრე ინდოელები, პაკისტანელები, კამერუნელები და მოლდოველები. სამჯერ ვუსწრებთ გამბიელებს და ჰაიტელებს, ოთხჯერ ბირმელებს, ხუთჯერ ეთიოპებს, და ოცჯერ ზიმბაბველებს. თუმცა ზიმბაბველებს ყველა უსწრებს. საწყლები!
ჩამოვრჩებით 148 ქვეყანას, მაგრამ აქედან დაახლოებით ჩვენს დონეზე ან ცოტათი წინ არიან ნაურუ და გვატემალა, ალჟირი და ჩინეთი, ალბანეთი და ეგვიპტე. ჩვენზე სამჯერ უფრო შეძლებულია - ბოტსვანა, მექსიკა, გაბონი, და ხუთჯერ შეძლებულია ტრინიდადი და ტობაგო, მალტა და ომანი, შვიდჯერ ტაივანი, ბაჰამა და იტალია, ათჯერ კაიმანის კუნძულები, აშშ, ფარერის კუნძულები. დიახ, ჩვენგან ფეხბურთში დამარცხებული ფარერის კუნძულები ერთ სულზე სიმდიდრით მსოფლიოში მეათე ადგილზე არიან და ჩვენ ათჯერ გვისწრებენ.
მოკლედ, ბოლოში მივჩანჩალებთ. თუმცა წინსვლის შანსი გვაქვს. 2003-2007 წლებში მსოფლიო ეკონომიკა გაიზარდა წლიურად დაახლოებით 5 %-ით, ქართული კი დაახლოებით 10%-ით. და წინ დაახლოებით 20 ადგილით წავიწიეთ.
ახალი დანიშნული ვიყავი მინისტრად, და სატელევიზიო გადაცემის შემდეგ სხვა მონაწილეებთან (პარლამენტის წევრები სხვადასხვა ფრაქციიდან) ერთად სავახშმოდ წავედით. ჩამოვარდა საუბარი, როდის ვიქნებით ევროპასავით. მე ვუთხარი, წლევანდელივით თუ 6%-ით გავიზარდეთ, 70 წელი გვჭირდება-თქო. ამან დიდი ალიაქოთი გამოიწვია, და ერთ-ერთმა დეპუტატმა მითხრა - ვარიანტი არ არის, მაქსიმუმ სამი წელიო.
ამაზე მე გულუბრყვილოდ დავუწყე ახსნა, რომ დათვლა ძალიან მარტივია, ზრდის სიჩქარების განსხვავება ხარისხში აგყავს და როგორც კი ეს ვთქვი, ეგრევე სიჩუმე ჩამოვარდა. ხარისხში აყვანა ძალიან დამაჯერებლად ჟღერდა.
უცბათ ერთ-ერთი მათგანი ჩემსკენ გადმოიწია, და ჩურჩულით მკითხა:“ ბატონო კახა, პრეზიდენტმა თუ იცის ეს ამბავიო?“
ჩათვალა, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლოა, რომ სამ წელიწადში ვერ დავეწევით ევროპას.
მაშ რამდენში?
ბევრი თვლის, რომ რაღაცნაირად შეიძლება გადავხტეთ. ეხლა ვართ ღარიბები, და მერე უცბათ რაღაცნაირად გავმდიდრდით. ალბათ ლატარიაში მოვიგებთ.
მაგრამ მაგ ლატარიას არავინ ატარებს. ასე რომ, მხოლოდ ერთი გზაა - ჩვენ ყოველწლიურად უფრო მეტად უნდა გავიზარდოთ, ვიდრე სხვა ქვეყნები. ღვთის წყალობით, შეცდომებს ეკონომიკაში ვუშვებთ არა მარტო ჩვენ, არამედ სხვა ქვეყნებიც.
იაპონური სასწაული მდგომარეობდა იმაში, რომ დაბალი გადასახადების პირობებში იაპონია იზრდებოდა 10%-ით 10 წლის განმავლობაში, 5%-ით შემდეგი 10 წლის განმავლობაში, და 3%-ით კიდევ ათი წელი. მერე აღარ იზრდება.
აზიური ვეფხვები - ტაივანი, ჰონკონგი, სინგაპური, სამხრეთ კორეა - 25 წელი იზრდებოდნენ დაახლოებით 7 % წელიწადში.
ომისწინა ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ წლიურ 10%-იან ზრდას.
ჩინეთი ასე იზრდება ბოლო 30 წელი.
რა გამოვა, ჩვენც რომ 30 წელი ასე ვიაროთ. 10% წლიური ზრდით?
2015 წელს ნამიბიის დღევანდელ დონეს გავუსწრებთ. (მაგრამ განა ეს საკადრისია? რაღაც აფრიკულ ქვეყანას გვადარებენ?)
2017 პალაუს და ბელიზს. (ამ მთავრობამ სირცხვილი დაკარგა, პალაუ და ბელიზი გვინდა?)
2021 კოსტა-რიკას. (ბენდუქიძე იუდა!)
2026 - ბარბადოსს და უნგრეთს. ( სად იყვნენ მაგენი, ჩვენ რომ უკვე რუსთაველი გვყავდა).
2029 - ომანს და ჩეხეთს. (ისევ არაბები! რაზე იბრძოდა მაშინ დავით აღმაშენებელი?)
2034 - ვუსწრებთ დღევანდელ ავსტრიას და ვუახლოვდებით შვეიცარიას. (აქ რა უნდა თქვან, ვერ მოვიფიქრე)
2036 - დღევანდელ სინგაპურზე მდიდრები ვხდებით. (გამოტყდა ბენდუქიძე, რომ ევროპაში არ უნდა. მაგენი ხეებზე იჯდნენ, ჩვენ როცა სახარებას ვკითხულობდით).
აირჩიეთ, როგორი ზრდა გინდათ? იცოდეთ:
წელიწადში 12% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. დღეს ასეთი მდიდარი ქვეყანა არ არსებობს.
წელიწადში 10% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც ქვეყანას შორის
წელიწადში 7% - 2040 წელს ვიქნებით განვითარებული ქვეყნების ბოლოში
წელიწადში 4% - 2040 წელს ვიქნებით ბანძები
წელიწადში 2% - 2040 წელს არ ვიქნებით.
არაფერი არ ვიქნებით.
ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
როგორც, დაახლოებით 100 წლის წინ ცნობილი იყო, რომ თუ ძროხას გარკვეულ საკვებს მივცემდი, ეს მის გაცოფებას გამოიწვევდა - ცნოიბლი იყო, მაგრამ ... - ასევე, ალბათ, ამ ეკონომიკურ-პოლიტიკურმა სისტემამ თავისი უკვე შეასრულა კაცობრიობის განვითარებაში (ახლა ფაქტობრივად მიდის, ასე ვთქვათ, სხვადახვა ვარიანტების კომბინირება) და საჭიროა ახალი, რომელიც ასევე ცნობილია (ასე ვთქვათ, მონახაზი) - პრობლემაა უბრალოდ მისი მიღება, ისევ იმ სტერეოტიპებიდან გამომდინარე, რომლებიც ღრმადაა ჩვენში ... ფაქტობრივად პრობლემა სტერეოტიპებისგან განთავისუფლებაა ... ეგ კიდევ როგორ? ...
ReplyDeleteრეალისტური გეგმა - შევინარჩუნოთ 10% ზრდა!
ReplyDeleteუმფროსო, არ დაკეტო მაღარო, უნდა ჩავბრუნდე!
This comment has been removed by the author.
ReplyDeletemomecona cerili. komentarebi ratomaa ase cota? kvela mixvda, rom meti unda vishromot da vimecadinot?
ReplyDeleteროდის გააკეთეთ ეს გათვლები (6% ზრდას ეხება). 2009 წლის მდგომარეობით, თუ საშუალო წლიური ზრდა 6% იქნება, დაახლოებით 35 წელიწადში გვექნება მდგომარეობა, რომელიც ახლა საშუალოდ ევროპას აქვს (35 000 ერთ სულ მოსახლეზე)... ასე რომ თქვენი 70 წელი ძალიან ბევრია, თუნდაც 4-5 წლის წინ გაკეკეთებინათ ეს გათვლა... ისე, მაშინ სად იყავით, პრემიერ მინისტრი ,გურგენაძე, როცა ამბობდა 5 წელიწადში გასამაგდება მშპ-იო?! არ აუხსენით, რომ ეს დიდი სისულელე იყო და ამ დანაპირების რეალიზებას დაახლოებით ყოველწლიური 21% ზრდა რომ ჭირდებოდა... თუმცა რა გასაკვირია, პარლამენტარებს ახარისხება თუ არგუმენტად ეჩვენებათ, ნატურალური ლოგარითმის გამოყენება დათვლის პროცესში ხო საერთოდ ... ხალხმა კი არ იცის და ბრიყვდება...
ReplyDeleteხო, 35 წელი გვჭირდება დღევანდელ ევროპულ დონეს რომ მივაღწიოთ. დაახლოებით 55 წელი გვჭირდება, რომ ევროპის საშუალო მაჩვენებლებს გავუტოლდეთ, თუ ჩვენთან 6% და ევროპაში საშუალოდ 2% ზრდა იქნება :))
ReplyDeleteეგრეა-ეგრე... მართალია მაგრამ ვაი რომ სულსწრაფებივართ და პერებორის კარტმაც დაგვწვა
ReplyDeleteთუ გინდათ სულსწრაფი დამიძახეთ, ან რამე უფრო შესაფერისი სიტყვა მოიფიქრეთ, მაგრამ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თითქმის ხელი ჩავიქნიე ...
ReplyDeleteერთადერთი შეგრძნება რაც გამიჩნდა იყო "ამდენს რა მოითმენს ... "
გასაგებია, ბატონო კახა, რომ რომი ერთ დღეში არ აშენებულა. ეს საშუალო ზრდის ტემპი, 70–ის წესი და მსგავსი გათვლებიც მენქიუს წიგნში დაახლოებით 8 წლის წინ მაქვს ამოკითხული და მახსოვს როგორ ვითვლიდი ჩემს სასოწარკვეთილ ჯგუფელებთან ერთად საქართველოს ზრდის ტემპებს. მაგრამ ტემპების თვლა და იმაზე ფიქრი რომ 20 წელიწადში შესაძლებელია როგორმე წელში გავიმართოთ ძალიან დამთრგუნველია, თუმცა ალბათ რეალისტურიც.
მაგრამ, მემგონი ის ლატარია რომელიც თქვენ ახსენეთ მაინც არსებობს ბუნებაში, ან შეიძლბა ასე მინდა რომ ვიფიქრო. უფრო მეტიც, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მისი მოგებაც შესაძლებელია, ოღონდ მაგას მთლად ლატარია მემგონი არ ქვია. გენიალურ იდეას, გენიალურ სტრატეგიას (ან რამე მსგავსს) და მისი სისრულეში მოყვანის სურვილს და ამისათვის გაწეულ შრომას შეუძლია, როგორც თქვენ იძახით, „გადაგვახტუნოს“ ერთი ოცი წლით მომავალში.
„დავეწიოთ და გავასწროთ ამერიკას!!!“ – როგორც იძახდნენ ჩვენი კომუნისტი წინაპრები
მაგრამ მათაც გამოუჩნდათ მოწინააღმდეგეები:
– "არ შეიძლება !"
– "რატომ ???"
– "იმიტომ, რომ ტრაკზე შარვალი გვაქვს გამოხეული და გამოგვიჩნდება და სირცხვილია "
– მაშინ ხო ...და ხელი ჩაიქნიეს (არა, ალბათ მთლად მაგიტომ არ ჩაუქნევიათ ხელი...)
მემგონი გარღვეულმა შარვალმა არ უნდა შეგვაშინოს, არ უნდა დავყაროთ ფარ–ხმალი და გენიალური იდეის ძიებას არ უნდა დავანებოთ თავი. ისეც არ უნდა მოგვივიდეს რომ ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა ნატვრის ხის ძიებაში გართულები ზამთარში გაყინული გვიპოვონ, მაგრამ რა ვიცი ...
აი მოდით კომპანიების მაგალითები ავიღოთ... მაგალითად ჯენერალ ელექტრიკი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობდა და დღეს მსოფლიოში კაპიტალიზაციით ყველაზე დიდი კომპანიაა, მაგრამ ავიღოთ მაგალითად Skype, Google ან თუნდაც Facebook, რომლებმაც გენიალური იდეის და შემდეგ შედარებით მოკლევადიანი, მაგრამ დაუღალავი შრომით მიაღწიეს იმას, რომ მრავალწლიანი ისტორიის მქონე კომპანიებს ათჯერ და ოცჯერ გაუსწრეს. ამაზე რას იტყვით ?
მე, როგორც გამოუსწორებელ ოპტიმისტს, მიმაჩნია რომ "სკაიპები", "გუგლები", "ფეისბუქები" და მსგავსი „ლატარიები“ ბუნებაში მრავლადაა და თუ საქართველომაც ორიგინალურ განვითარების სტრატეგიას მიაგნო შესაძლებელია ცოტა ხანში შვეიცარიას ჩვენი გამორღვეული შარვალის ყურება მოუწიოს ... გვიყურონ რამდენიც უნდათ...