ეკონომიკურ განვითარებას ვნებს ინფლიაცია. ინფლიაცია რომ არ იყოს, საჭიროა ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკა და შესაბამისად სანდო ვალუტა. მსოფლიოში, თუ ძალიან მოვინდომებთ, 10 სანდო ვალუტას თუ დავთვლით: ამერიკული დოლარი, ბრიტანული გირვანქა, კანადური დოლარი, ავსტრალიური დოლარი, ახალზელანდიური დოლარი, იაპონური იენა, შვეიცარული ფრანკი და ევროპული ევრო. დანარჩენები ან არ ვარგა, ან მიბმულია ამ სანდო ვალუტებზე, ან მთლიანად ჩანაცვლებულია ამ ვალუტებით.
მონეტარული თავისუფლება ნიშნავს აირჩიოთ გარიგებისას ის ვალუტა, რომელზეც შეთანხმდით. ვალუტათა კონკურენცია ვალუტის ხარისხს ზრდის. ბევრი თანამედროვე ეკონომისტი თვლის, რომ კრიზისების შესუსტების გზა ვალუტათა დენაციონალიზაცია და მათი კონკურენციაა.
ამ საკითხს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით. მერე.
მინდა მოგიყვეთ ისტორია, თუ როგორ მოისპო მონეტარული თავისუფლება საქართველოში. ეს იყო რუსეთის ბრძოლა საქართველოსთან, სახელმწიფო სექტორის ბრძოლა კერძოსთან, შეზღუდვების და იძულების ბრძოლა თავისუფლებასთან.
რუსეთის მიერ 1801 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მთავარსარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა კნორინგმა გენერალ-მაიორ ლაზარევს დაავალა შეეწავლა მონეტარული მიმოქცევა ქართლ-კახეთში.
დადგინდა - სპილენძის და ვერცხლის გამოდნობაზე კონცესია ჰქონდათ ბერძენ მეწარმეებს, რომლებიც ამაში ფულს უხდიდნენ ხაზინას. მონეტის მოჭრა იყო ლიბერალიზებული - ნებისმიერს, ვინც ვერცხლს მიიტანდა ზარაფხანაში, და გადაიხდიდა გადასახადს, მოუჭრიდნენ მონეტებს. თავისუფალ მიმოქცევაში იყო ქართული მონეტები - ორმაგი აბაზი, აბაზი, ნახევარაბაზი, 5, 10 და 20 ფული (1 აბაზი = 200 ფული). ასევე თურქეთის, სპარსეთის, შემახის, შექის, შუშის, ბაქოს, ლენქორანის, განჯის, ნუხის, შირვანის, ყარაბაღის და სხვა მონეტები.
საქართველოს მოსახლეობა სარგებლობდა დაახლოებით ისეთივე მონეტარული თავისუფლებით, რომელიც დღეს ფინანსურ ცენტრებში განთავსებულ ბანკებს აქვთ. ამის გარეშე თბილისი დიდი სავაჭრო ცენტრი ვერ იქნებოდა.
იმპერიამ დაიწყო ამასთან ბრძოლა.
„წონითა და სინჯით განსხვავებული მონეტა საქართველოში ნიშნავს გადახვევას რუსეთში შემოღებული ერთიანი სამონეტო სისტემისაგან, რითაც საქართველო დადგება რუსეთისაგან განცალკევებულ სახელმწიფოთა რიცხვში“ რუსეთის ფინანსთა სამინისტროს საბჭო, 1822 წელი
ეს ბრძოლა მრავალი ათწლეული გაგრძელდა. პერიოდულად ვინმე ცდილობდა, საქართველოში დაეწყო ისეთი აბაზების გამოშვება, რომლებიც რუსულ წესებს შეესაბამებოდა. რამდენჯერმე სცადეს არარუსული მონეტების მიმოქცევის აკრძალვაც. მერე აბაზების მოჭრა სანკტ-პეტერბურგში დაიწყეს.
ცხადია, დაწესდა პროტექციონისტული შეზღუდვები - აიკრძალა ვერცხლის გატანა, მონეტის გადაკეთება იუველირულ ნაწარმად, სინჯის გარეშე ვერცხლის გაყიდვა და ა.შ. ყოველი ახალი ასეთი სისულელე ვაჭრობას და შესაბამისად, ჯარის მომარაგებას ხელს უშლიდა, ამიტომ სწრაფად უქმდებოდა.
ძალადობა და აკრძალვა ნდობას არ ჰქმნიდა რუსული ფულის მიმართ.
ასევე ნდობას არ ჰქმნიდა აბაზების მოჭრის ან მონეტების გაცვლის გამოყენება ფისკალური ან პოლიტიკური მიზნებით. მაგალითად, 1819 წელს, ზარაფხანის მორიგი დახურვის შემდეგ, სანამ პეტერბურგიდან ახალი აბაზები ჩამოვიდოდნენ, ვერცხლის მონეტის დეფიციტი შეიქმნა. მისი ფასი გაიზარდა, შესაბამისად ოქროს ჩერვონცების ფასი შემცირდა. გენერალმა ერმოლოვმა მოახდინა ჩერვონეცის 5%-იანი დევალვაცია, გარდა ჭარ-ბელაქნისა (ეხლა საინგილო), რათა იქაურ ლეკ ბელადებს ჯანყი არ დაეწყოთ. ადვილი წარმოსადგენია, როგორ იხეირეს ამ სავალუტო არბიტრაჟზე მაშინდელმა ფინანსისტებმა, ტფილისში იაფად ნაყიდი ოქროს ჩერვონცების ჭარ-ბელაქანში ხაზინისთვის ძვირად ჩაბარებით.
რუსებმა რამდენჯერმე ასიგნაციების (ქაღალდის ფულის) შემოღებაც სცადეს. ასიგნაციები საქართველოში იმდენად არ იწვევდა ნდობას, რომ აქ რუსეთის ჯარსაც კი ოქროს ჩერვონცებს უხდიდნენ, ევროპაში კი ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ჩამდგარ რუსეთის ჯარებს ასიგნაციებით უსწორდებოდენ.
1814 წელი. იმპერატორი - რტიშჩევს (მაშინდელ საქართველოს მთავარმმართებელს)
«К сохранению в государстве золота и серебра, повелеваю употребить по главному начальству вашему в Грузии меры и особенное попечение, дабы ассигнации наши имели надлежащий ход, после чего и все без изъятия войска довольствовать жалованием и ремонтом не иначе как ассигнациями»
რტიშჩევის პასუხიდან:
„ვბედავ მოგახსენოთ, რომ ასიგნაციები ცნობილია და მიიღება მხოლოდ უმნიშვნელო თანხების გადახდისათვის, მხოლოდ ტფილისსა და ბაქოს ციხე-სიმაგრეში (ამ უკანასკნელის ასტრახანთან ვაჭრობის გამო), ვინაიდან მთელი სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან არ აღემატება 250 000 მანეთს. საქართველოს მთავარი ვაჭრობა კი მიდის თურქეთთან, სპარსეთთან, ინდოეთთან, ბუხარასთან და ადგილობრივ მთის ტომებთან, თითქმის ნახევრადველურებთან, რომლებსაც ასიგნაციებზე არაფერი გაუგიათ და ვერც წარმოიდგენენ, რომ კეთილმოწყობილ სახელმწიფოში ასეთი ფული ცვლის ოქროს და ვერცხლს“
ისე ეს ბევრ კარგ ეკონომისტსაც ვერ წარმოუდგენია. ამაზეც მერე.
თანდათან გაიზარდა საქართველოს და რუსეთის სავაჭრო ბრუნვა, საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული გახდა რუსეთის ბაზარზე.
1853 წელს, მეფისნაცვალი ვორონცოვის დროს, საბოლოოდ აიკრძალა არარუსული მონეტების გამოყენება (ორწლიანი გარდამავალი პერიოდით), 1855 წელს ფაქტიურად დასრულდა მონეტარული თავისუფლება საქართველოში - არარუსული მონეტები ბრუნვიდან განიდევნა..
საბჭოთა კავშირში ეს აბსურდამდე მივიდა - ვალუტის გადაცვლაზე ჯერ ციხე იყო, 1961 წლიდან კი დახვრეტა.
ეხლა ჩვენ საით?
Subscribe to:
Post Comments (Atom)
gamarjobat batono kaha.dges pirvelad vkitxulob tkvens blogs da cavikithe titkmis kvelaperi.dzalian saintereso da shemascavlebelia. aseti kitxva makvs tkventan. ratom ar gadava sakaartvelo romelime kveknis valutaze,magalitad amerikul dolarze an kide europul euroze,es xom upromkari da modzravi valutaa sakartveloshi? da memgoni bevr mecarmesac sheenaxeboda is procentuli danakargi romelic savaluto operaciis dros xdeba??!!
ReplyDeleteგეთანხმებით
ReplyDeleteმოგესალმებით,
ReplyDeleteმედალს ორი მხარე აქვს. დადებითთან ერთად უარყოფითიც ექნება დოლარზე/სხვა ვალუტაზე გადასვლას. შეფასება, მითუმეტეს ეკონომიკაში, არასწორია თუ 2 ვარიანტი ექნება: კარგი/ცუდი; 0/1.
მთავარია დადებითი ეფექტი იმდენად აჭარბებდეს ცუდს რომ ღირდეს ცვლილებად. იქნებ ამ თემაზე ვიმსჯელოთ. ძალიან საინტერესო თემაა ჩემთვის პირადად და მოვისმენდი ყველა დასაბუთებულ არგუმენტებს. ამ თემასთან დაკავშირებით ინტერნეტში იაფფასიანი ლანძღვა-გინების მეტი ვერაფერი აღმოვაჩინე და ”არაკომპეტენტური”; ”ჯობია ჯერ ეკონომიკაში გაერკვეს”; იქნებ ერთი თემა ამ საკითხს დაუთმოთ, ძლიან საინტერესო იქნებოდა