Saturday, 3 July 2010

ნოხი

ალბათ ნოხი გადაგიბრუნებიათ და დაგინახიათ - მის პირუკუ მხარეს ისეთივე სურათი აქვს, როგორც ძირითად მხარეს.
ქვეყნებიც ეგრე არიან.
წარმოიდგინეთ დიდი ნოხზე გერმანიაა გამოსახული. ხატია პრეზიდენტი, რომელიც არ წყვეტს თითქმის არაფერს - უკანა მხრიდანაც ასეთივე პრეზიდენტია, ოღონდ ისე კარგად არ ჩანს. მერე პარლამენტი - პირზეც და პირუკანაც პარლამენტი იღებს კანონებს, მერე პოლიცია - ის ამ კანონებს იცავს - აქეთაც, იქეთაც. მერე ამოქარგულია ბანდიტები და ქურდები - აქედანაც, იქედანაც. პოლიცია მათ იჭერს, ვინაიდან ისინი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს არღვევენ.
შემიძლია ასე გავაგრძელო, მაგრამ საკმაოდ მოსაწყენი იქნება - გერმანია-ნოხი პირის უკანა მხარესაც იგივეა, რაც პირის მხარეს. ოღონდ ცოტა უფრო ბაცი.
ეხლა ვნახოთ საქართველო ოთხმოცდაათიან წლებში: უკვე მიხვდით რა განსხვავებაა?
წინა მხარეს ქურდები, ბიზნესმენები, მთავრობა, პოლიცია, პარლამენტი ცალკ-ცალკე ხატია, და ვითომ გერმანიასავითაა - პარლამენტი იღებს კანონებს, მთავრობა ამ კანონებს ახორციელებს, ქურდები არღვევენ კანონებს, ხოლო პოლიცია მათ იჭერს.
გადავაბრუნოთ ნოხი. ვაი! ვერაფერს ვეღარ ხედავთ? ეს კვანძები არაფერს აღარ გავს? ეს კაცი ვინ არის, ძაფებით პარლამენტს, ქურდებს და პოლიციას გამობმული? პარლამენტაროქურდია? ქურდოპოლიციელია? მინისტრობანდიტია?
და რა გამოდის? თქვენ ცინიკურად იძახით, რომ წინა მხარეს რაც ამოქარგულია, ის უკანა მხარეს არაფერს ნიშნავს?
სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ. მოკლედ, არ გავდა მაშინდელი ნოხის ორი მხარე ერთმანეთს.
ამაში ვხედავ მე რეალურ პროგრესს - საქართველოს წინა და უკანა მხარე ნელ-ნელა ერთმანეთს ემსგავსება: უკნიდან რომ ნოხს შეხედავ, უკვე გაარჩევ, რას უნდა მოელოდე წინიდან. პოლიცია აქეთაც და იქეთაც დევნის ბანდიტებს; პრეზიდენტი აქეთაც და იქეთაც ხელმძღვანელობს. მთლად გერმანია არ ვართ - კიდევ დიდი გზა უნდა გავიაროთ.
საქსოვი კიდევ ბევრი გვაქვს, წინა და უკანა მხარე ერთნაირი რომ იყოს; რომ ყველგან - რასაც ვფიქრობთ, იმას ვამბობდეთ, რასაც ვაკეთებთ - ის გვერქვას.
რადგან უფრო დიდ ნოხზე თუ შორიდან საქართველოს ორ მხარეს შორის რაღაც მსგავსებაა, ახლოს რომ მივალთ, ისევ ავირევით. მაგალითად შევხედოთ სკოლებს - განა მათი უმრავლესობა ახერხებს ბავშვების აღზრდას და კარგი განათლების მიცემას? საავადმყოფოები - ჯანმრთელობის დაცვას? მედია - სწორი ინფორმაციის გავრცელებას?
და რაც მთავარია, ჩვენ თვითონ?! რამდენი ადამიანი თვლის, რომ კანონი იმისთვისაა, რომ დაარღვიო? რომ წითელი შუქი ქუჩაში არის იმისათვის, რომ სწრაფად გაიარო? რომ გადასახადები არის არგადასახდელად, და მოპარული დენი უკეთესია, ვიდრე ნაყიდი. რომ არაფრისგამკეთებელი ნათესავის სამსახურში მოწყობა კარგი საქმეა, და ამავე დროს აღშფოთებული ვართ - ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, ყველგან ნაცნობობააო?
ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული ქართული მენტალიტეტი და ჩვენი ჯიში. ეს სხვების ქვეყანაში ცხოვრების შედეგია. ბოლო ორი საუკუნე ჩვენ ჩვენ თავს არ ვეკუთვნოდით, იქამდეც ეს ბედნიერება ძალიან ცოტ-ცოტა ხნით გვქონდა ხოლმე. გავა დრო, და ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, მოვა დრო, და ნოხის ორივე მხარეს ერთნაირი სურათი იქნება. შორიდანაც და ახლოდანაც.

13 comments:

  1. ღმერთმა კეთილი ყურით გისმინით ბატონო კახა.

    მართალი ბრძანდებით იმაში რომ ნივთებისათვის და მოვლენებისთვის სხვა სახელების დარქმევა სხვების ქვეყანაში ცხოვრების ერთ-ერთი გამოვლინება იყო. ბევრ შემთხვევაში თვითმყოფადობის შენარჩუნების ჯანსაღი სურვილი თავის თავის მოტყუებაში და მითების შექმნა-გავრცელებაში გადადიოდა. მაგალითად: რა ვიცით ჩვენ საქართველოს ისტორიის შესახებ დანამდვილებით? განსაკუთრებით ძველი ისტორიის შესახებ? დასტურდება თუ არა ქართული დოკუმენტური მასალები (თუ ასეთები არსებობენ) სხვა წყაროებიდან?

    კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ბლოგისთვის და საზოგადოებისთვის ასეთი აზრის მიწოდებისთვის.

    ReplyDelete
  2. მოსაქსოვი კიდევ ბევრია.
    კარგია რომ მოქნილი ალეგორიებით გვაჩვენებთ რა გაკეთდა.ვინც დამნახავია ალეგორიების გარეშე ხედავს, ვისაც დანახვა არ უნდა ისედაც ვერ დაინახავს.

    მე უფრო დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი რა არ მოსწონს კახა ბენდუქიძეს დღევანდელ დღეს მთავრობის დღევანდელი კურსიდან (ოღონდ მომწონს-არმომწონს კედლებზე გარჩენილ პარკებს მოვეშვათ)...

    გავიგეთ. კარგია. დავაფასეთ. ეხლა გავუმჯობესდეთ!

    ReplyDelete
  3. იმედია, ოდესღაც ეგ ხალიჩა კიდევ უფრო დაიხვეწება, ბატიკასავით ლამაზი და გამჭვირვალე გახდება - ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვეცადოთ და რა გამოვა ...
    პატივისცემით ...

    ReplyDelete
  4. nu erti bichis istoria mainc TOP -ia ra

    ReplyDelete
  5. "ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული ქართული მენტალიტეტი და ჩვენი ჯიში. ეს სხვების ქვეყანაში ცხოვრების შედეგია." – გენიალურია!!!

    ReplyDelete
  6. დავლაგდებით. ხშირად ვფიქრობ რამ გადაგვარჩინა. პასუხი არ მაქვს. შეიძლება სიმღერამ...ან ლეგენდებმა...ან კავკასიონმა და თრიალეთის ქედებმა. ერთი არ გაგვიმართლა რომ ევროპული ცივილიზაციის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე მონღოლების, თურქ-სელჩუკების და რუსების ტყვეობის ქვეშ აღმოვჩნდით. სამივენი ველური ტომები იყვნენ. ცოტა ჩვენც გაველურდით და გადავჯიშდით. საწყენია...მაგრამ მე უკვე ვხედავ 60-იანელების და ცისფერყანწელების ახალ ტალღას...მოკლედ მოდიან...გვირაბის ბოლოში ნათელი ჩანს. მადლობთ კახა

    ReplyDelete
  7. dzalian optimisturi posti iyo :)

    ReplyDelete
  8. `მაგალითად შევხედოთ სკოლებს - განა მათი უმრავლესობა ახერხებს ბავშვების აღზრდას და კარგი განათლების მიცემას? საავადმყოფოები - ჯანმრთელობის დაცვას? მედია - სწორი ინფორმაციის გავრცელებას?
    და რაც მთავარია, ჩვენ თვითონ?!~
    თქვენ თვითონ კონკრეტულად რა გააკეთეთ მინისტრობის დროს? მართალია არც განათლების მინისტრი ყოფილხართ, არც ჯანდაცვის და არც გაზეთს უშვებდით. მაგრამ ეკონომიკა ხომ ყველაფრის ხერხემალია? ეკონომიკის მინისტრმა რა გააკეთა? ააყვავა ქართული ეკონომიკა? ფაბრიკა-ქარხნები აამუშავა? ნწუ. ყველაფერი აუქციონზე გაიტანა გასაყიდად.
    ან ეხლა უკვე ბიზნესმენის რანგში რას აკეთებს? სკოლა გახსნა, რომელშიც კარგად ასწავლიან? საავადმყოფო ააშენა სადაც კარგად მკურნალობენ? თუ გაზეთი გამოუშვა სადაც სიმართლეს წერენ? არა ბატონო. ბლოგერობა დაიწყო.

    ReplyDelete
  9. Воистину-блаженны верующие!
    თქვენი წინა პოსტ-ის გარშემო ატეხილმა მითქმა-მოთქმამ, დიდი ხნის სიზარმაცე დამაძლევინა და ბლოგერთა ”ლეგიონში” გამაწევრიანა. გმადლობთ. გავეცანი ყველა პოსტს, დრო და კომენტარი ბევრი მაქვს. აქ მხოლოდ ამ ესსეზე მოგწერთ.1)”რასაც ვფიქრობთ, იმას ვამბობდეთ, რასაც ვაკეთებთ - ის გვერქვას.” მხოლოდ გიჟები ამბობენ რასაც ფიქრობენ. აი, რასაც ვამბობთ იმის კეთება და შედეგების წუწუნ-კვნესის გარეშე მიღება ნამდვილად არ გვაწყენდა. რასაც ვაკეთებთ ის რომ გვერქვას ხო დავიღუპეთ - კაი ტიპები ვეღარ ვიქნებით! 2)”რამდენი ადამიანი თვლის, რომ კანონი იმისთვისაა, რომ დაარღვიო?” - მე! სანამ თუნდაც ერთი შავჯიპა ლაწირაკი გავა წითელ შუქზე. მხედრიონ-გვარდიისთვის არმოსულა და ამ გალსტუკით გაბლატავებულებისთვის მოსულა??!!(არალირიული გადახვევა).3)”მედია - სწორი ინფორმაციის გავრცელებას?”-მაგისთვის მედია-საძმოს ცოტა მეტი ერუდიცია, პროფესიონალური ეთიკა და კიდევ ისეთი რამეები ჭირდება, რომელი სიტყვების მნიშვნელობაც არ იციან. იციან რომ სამსახურის დაკარგვა ”მაგრა ტეხავს” ამიტომ რასაც მათ ჩასძახებენ - ჩვენ იმას ამოგვძახებენ. ჩვენ ხომ ელექტორალური быдло ვართ. 4)”აფრისგამკეთებელი ნათესავის სამსახურში მოწყობა კარგი საქმეა” - ნათესავ-ნეპოტასტობას ვერ გავექცევით და არცაა გასაქცევი თუ ნათესავს ისევე მოთხოვ როგორც სხვას. ბოლობოლო მუსჰაობას მაინც ასწავლი. 5)”ეს სხვების ქვეყანაში ცხოვრების შედეგია” - აპ,აპ,აპ, ამაში ვერ დაგეთანხმებით ვერასგზით! მამაჩემი და უფრო მეტ ხანს პაპაჩემი, მაგ ”სხვისი ქვეყნის” სამსახურში იყვნენ.ერთის აშენებული ქუჩა დღესაც დგას პატარა ქართულ ქალაქში, მეორის შრომის ნაყოფით მეც და თქვენც დღემდე ვსარგებლობთ. ”სხვის ქვეყანაში” ცხოვრება რა პარვის,მუქთახორობის და უმაქნისობის გამართლებაა? ეგრე ავსტრია-გერმანია სავსეა ჩვენი ხელცივა ჯეელებით. საღოლ, ბიჭებო? ... ჯობს მოვრჩე ახლა და აქ დემაგოგობას და დანარჩენი კომენტები საკუთარ ბლოგზე განვათავსო. თუ დაგაინტერესებთ, მობრძანდით милости просим!

    ReplyDelete
  10. ბატონო კახა, ხოდა ეს ხალიჩა რომ მალე დაიქარგოს, მასზე სამუშაოდ იცხაკ ადიზესის ჩამოყვანა გვინდა ერთი დღით თბილისში. დაინტერესდებით თუ არა რომ, ეს ვიზიტი თავისუფალი უნივერსიტეტის ეგიდით მოვაწყოთ?

    ReplyDelete
  11. ძალიან მაგარი ადამიანი ბრძანდებით ბატონო კახა, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი თქვენნაირი ადამიანის გვერდით მოხალისედაც, თქვენი იდეები ბოლომდე რომ განხორციელებულიყო, მჯერა რომ ჩვენი ეკონომიკა გაცლებით უკეთეს დღეში იქნებოდა, თუმცა ხანდახან "მსოფლიობანკის" და "სავალუტო ფონდის" ინექციები "გვირჩევნია" რეალურ გაჯანსაღებას.
    სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება ალბათ ვერ მიიღებს სრულად რეფორმებს ერთბაშად, "შოკი" საკმაოდ მძიმეა და მთავრობაც უფრთხის ზედმეტ ემოციას. გრძელვადიანში კი ვზარალდებით ...

    ReplyDelete
  12. როგორი მართალია, ისე ვიქცევით თითქოს ეს ქვეყანა ჩვენი არ იყოს.
    და მიზეზიც გასაგებია, კაი ხანი არც ყოფილა ჩვენი

    ReplyDelete
  13. სანამ ხალხი არ გაიგებს რომ უკანონობით გაჭირვებას არაფერი არ ეშველება და არ დაანგრევს ”არსენა მარაბდელის” სტერეოტიპს მანამდე არა მგონია ნოხის ქსოვა კი არა საერთოდ გადმობრუნებაც გადავწყვიტოთ...

    კაი ცხოვრებას წვალება უნდა.. მუშაობა.....

    ReplyDelete