Thursday 18 November 2010

რატომ დაგვღუპავს ინგლისურის სწავლა პირველი კლასიდან

დიდხანს გული ვერ დავუდე ამ თემაზე სვეტის დაწერას. რამდენჯერმე დავიწყე, მაგრამ ვიფიქრე – ამაზე სერიოზულად ლაპარაკი როგორ შეიძლება-მეთქი და გავანებე თავი. მაგრამ რამდენიმე ისეთი აზრი გავიგე, რომ გადავწყვიტე, დამეწერა.


მოდით, ჯერ იმაზე ვიფიქროთ, ემუქრება თუ არა ქართულს საფრთხე და საჭიროა თუ არა მისი დაცვა. ჩემი აზრით, საფრთხე ემუქრება, და დაცვასაც საჭიროებს.

მაგრამ...

საფრთხე იმიტომ კი არ ემუქრება, რომ ჩვენ სხვა ენებს ვისწავლით (სპიჩკა, პრისკი და ტორმუზი რუსულის კარგი ცოდნის შედეგია?), არამედ იმიტომ, რომ ქართული არ ვიცით. მას ჩვენ დავიცავთ სწორი გამართული გამოყენებით, და არა რაიმე სახელმწიფო აკრძალვებით. ეს სამოქალაქო საქმეა, და არა სამთავრობო.

ჩვენი საქმე არ არის, რომ ქართული ანბანი გამოვიყენოთ ჩვენს კომპიუტერებში, და ლათინური ასოებით არ ვწეროთ ელექტრონული წერილები?
ჩვენი საქმე არ არის, რომ გამარჯობა-თ და კარ-ებ-ებ-ი აღარ ვთქვათ? – ამას არც ავსტრალიელი მასწავლებელი გვაძალებს და ვერც მთავრობა აგვიკრძალავს.

ჩვენი საქმე არ არის, რომ ლაზურის შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ? თუ თურქეთის მთავრობის იმედი გვაქვს?
თურმე პრობლემის თავი და თავი ინგლისურის სწავლა ყოფილა პირველი კლასიდან.

გავიგე რამდენიმე საინტერესო აზრი:
• ორი ენის ცოდნა გამოაშტერებს ბავშვს
• ბავშვი ქართულს ვეღარ ისწავლის
• მასწავლებლები გაგვრყვნიან ან/და გადაგვაიეღოველებენ.

მივხვდი მნიშვნელოვან რამეს – ზოგიერთისთვის ეს იდეები არ არის ფიქრის და მსჯელობის შედეგი. მათთვის ეს ფანატიკური რწმენის საგანია.

ამიტომ მე მათ არ მივმართავ. ჩემი არგუმენტები იმათთვისაა განკუთვნილი, ვინც ამ საკითხებზე ფიქრობს.

გამოაშტერებს თუ არა ორი ენის სწავლა სკოლებში ბავშვებს და შეუშლის თუ არა ორი ენის სწავლა ქართულის ათვისებას? ჯერ ერთი, ბავშვი სკოლაში უკვე ქართულად მოლაპარაკე მიდის, და ამიტომ ერთდროულად ის ორ ენას არ სწავლობს – ის სწავლობს ინგლისურს ქართულის მეშვეობით. მსოფლიოში არის ბევრი მაგალითი, როდესაც სხვა ენის სწავლა იმდენად ინტენსიურია, რომ ფაქტობრივად ადამიანი ორენოვანი ხდება – ანუ შეუძლია ორ ენაზე არა მარტო ლაპარაკი, არამედ ფიქრიც კი. თუ მეორე ენის შესწავლა საფრთხეს მოიცავს, მაშინ ორ ენაზე თანაბრად მოლაპარაკე ადამიანი ამ საფრთხემ ყველაზე მეტად უნდა დაზაფროს.

რა ხდება სინამდვილეში?

ეს საკითხი საკმაოდ ბევრი მსჯელობის და შესწავლის საგანი იყო – დაწყებული ჰუმბოლდტის ჰიპოთეზიდან, რომ ორენოვნობა ცუდია, და დამთავრებული დღევანდელი კვლევებით. აქ მე არ მოგაცდენთ იმის აღწერით, რანაირად ზომავდა ორენოვნობის ეფექტს ოციან წლებში საერი უელსში ან ბიალისტოკი დღეს კანადაში. ვისაც უნდა, თვითონ მოძებნოს და წაიკითხოს. მოკლედ რომ ვთქვათ, შედეგი ასეთია – ორენოვნობას არ მოაქვს სიშტერე და დაბნეულობა. პირიქით – როგორც წესი, ორენოვანი ბავშვებიც და დიდებიც უფრო სხარტები არიან, და მოხუცებულობის ჟამსაც კი ცოტათი უფრო დიდხანს ინარჩუნებენ სისხარტეს. როგორც ჩანს, ეს ტვინისთვის დამატებითი სასარგებლო სავარჯიშოა, ისეთივე, როგორც კუნთების ვარჯიში ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.

მაშ თუ ორი ენის თანაბარ ცოდნას (მათ შორის ერთი წლის ასაკიდან) არ მოაქვს ცუდი არაფერი, სკოლაში ქართულად უკვე მოლაპარაკე ბავშვის მიერ ინგლისურის კანტიკუნტად შესწავლას რატომ უნდა მოჰყვეს? ასობით მილიონი ადამიანი ფაქტობრივად ორენოვანია: ბელგიელები, სინგაპურელები, ჰონგკონგელები, კანადელების და ინდოელების დიდი ნაწილი, და ა.შ. რა შორს მივდივართ – სამეგრელოში თითქმის ყველა, მეგრულ ენასაც და ქართულსაც თანაბრად ფლობს (არ დაიჯეროთ, რომ მეგრული ქართულის დიალექტია – იგი ჩამოყალიბებული ქართველური ენაა). დაბნეულობა და სიშტერე არსად არ არის.

რაც შეეხება გადაგვარებას, რელიგიური მრწამსის შეცვლას, გადაჯიშებას, გამოიეღოველობას – საქართველოში ყოველთვის იყვნენ გადამთიელები, რომლებიც ჩვენ შორის ცხოვრობდნენ. მე ვლაპარაკობ არა მარტო დამპყრობლებზე, არამედ მოსახლე მშვიდობიან ხალხზეც – ბერძნები, გერმანელები, ესტონელები, ასირიელები, სომხები, პოლონელები, და ასევე რუსები, თურქები, სპარსელები, არაბები და სხვები. მათ ბევრი სიტყვა დატოვეს ჩვენთან, და დღევანდელი ქართული მაგ სიტყვებით არის სავსე. მაგრამ მაინც ქართულია, მაინც ჩვენი ენაა, და მას მოვუაროთ. როგორ? ვწეროთ ქართულად, ვილაპარაკოთ ქართულად, ვიცოდეთ მისი გამორჩეულობა, ისტორია, გვიყვარდეს ქართული, ვისწავლოთ ქართულად.

P.S. მინდა გამოვტყდე, რომ მეც ინგლისურის სწავლა ადრე დავიწყე – საბავშვო ბაღში. იყო თბილისში, კავსაძის ქუჩაზე, ინგლისური საბავშვო ბაღი. ამიტომ თუ რამე გაუგებარია ამ ტექსტში, ჩემს ამ უბედურებას უნდა დააბრალოთ – მე არაფერ შუაში ვარ.

19 comments:

  1. ბატონო კახა ჩემი შვილი სკოლაში წასვლამდე უკვე ორ ენაზე ლაპარაკობდა (ქართული და რუსული) და წელს პირველ კლასში უკვე ინგლისურიც დაიწყო, თუმცა ”გამოშტერების” და თუნდაც ენთუზიაზმის დაკარგვის მას არაფერი ეტყობა. გასაგებია რომ შვილზე მიუკერძოებლად ვერ იმსჯელებ მაგრამ სწორედ ინგლისურის მასწავლებლი ამბობს რომ შესანიშნავად ითვისებს.

    ამ თემაზე ერთი ძველი ხუმრობა გამახსენდა:
    A person speaking three languages is called Trilingual. A person speaking two languages - Bilingual. A person speaking one language - American :)

    ReplyDelete
  2. რუსულიც რომ არ დაგვევიწყებინა კარგი იქნება ნამდვილად. ახალმა თაობამ საერთოდ არ იცის რუსული და არა მგონია, რომ 150+ მილიონიანი რუსეთისა და სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნების სალაპარაკო ენის დავიწყება კარგი აზრი იყოს.

    ReplyDelete
  3. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე დამატებითი ენის შესწავლა განაპირობებს სამყაროსა და მოვლენების ახალი შეხედულებებით აღქმას. რამდენადაც მეტი ინტერპრეტაციითა და კუთხით უყურებ ყველაფერს მით უფრო ცომპლექსურად ხედავ და აღიქვამ მას და შესაბამისად კრიტიკული აზროვნების საშუალებაც მეტი გაქვს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.

    ReplyDelete
  4. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  5. ავტორს,

    დიდი მადლობა ამ ფრაზისათვის: "არ დაიჯეროთ, რომ მეგრული ქართულის დიალექტია – იგი ჩამოყალიბებული ქართველური ენაა".

    მიუხედავად ბოლო დროს მგრული ენის წინააღმდეგ წამოგორებული კამპანიისა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კამპანიის უკან ისეთი ძლიერი და პოპულარული ინსიტუტი დგას, როგორიც საქართველოს ეკლესიაა, მიუხედავად იმისა, რომ მასას სწორედ ისე უნდა იყოს, როგორც ეკლესიას (ვითომ, სეპარატიზმის პრევენციის მიზნით), მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ამ ყველაფერს ხელს უწყობს... თქვენ მაინც გაბედეთ და ის თქვით, რასაც მართლა ფიქრობთ, რისიც გჯერათ და (რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია) რასაც ცნობილი საერთაშორისო ლინგვისტები ამბობენ: მეგრული ენაა და არა ქართულის დიალექტი!

    ReplyDelete
    Replies
    1. სიმარტლე გითხრათ არსად მინახავს მეგრულის წინააღმდეგ გამოთქმული აზრები და მითუმეტეს კამპანია. შემთხვევით თქვენ ხომ არ ეწევით საპირისპირო კამპანიას? იმიტომ, რომ მხოლოდ ის მესმის, რომ მეგრულის წინააღმდეგ მიმდინარეობს კამპანია, მაგრამ შესაბამისი ქმედებები, სტატიები ან მსგავსი რამ არსად მინახავს. ე.ი. თუ ფაქტები არ არსებობს, გამოდის, რომ ტყუიხართ თქვენ. როგორ შეიძლება საქართველომ უარყოს საკუთარი კულტურა? მეგრული ხომ მისი კულტურის და საერთო სახელმწიფოებრივი სივრცის ნაწილია? რაც შეეხება ენას, ენა მაშინ არის როდესაც ის სახელმწიფოა, სხვა შემთხვევაში ითვლება დიალექტად. სახელმწიფო ენა კი არის ქართული, მიუხედავად იმისა, რომ მეგრულს შეიძლება ჩამოყალიბებული სისტემა ქონდეს, აი რატომ თვლება დიალექტად და არა ენად. ხოლო, იმის მტკიცება, რომ მეგრული ენაა თქვენც კარგად ხვდებით რა საფრთხეებს შეიცავს, რომ სამეგრელო ცალკე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია. ალბათ გესმით რას ვგულისხმობ. კარგად გაერკვიეთ საკითი და შემდეგ ისაუბრეთ. დანარჩენებს კი ვურჩევ მამაძაღლობას მოეშვან. პირველ რიგში რუსეთის აგენტურას აყოლილ ვაი ქარტველებს.

      Delete
  6. ბატონო კახა, გეთანხმებით ყველაფერში. იმაში, რომ ინგლისურის შესწავლა არ "გადაგვაიეღოველებს", ან როგორ უნდა მოხდეს ასეთი რამ, და კიდევ იმაში რომ მეგრული არის არა დიალექტი, არამედ ცალკე ენა.

    ReplyDelete
  7. მთლიანად ვიზიარებს

    ReplyDelete
  8. ბატონო კახა, რატომ დაგვივიწყეთ? :)

    ReplyDelete
  9. კონკურენციის შიში აქვთ ადამიანებს, რომ უფრო ენერგიული კულტურები გვაჯობებენ და იმ შემთხვევაშიც კი როცა ქართულ ენაში შესატყვისი სიტყვა მიოპოვება მაინც უცხო ენიდან სიტყვას იყენებ, ''უფრო დამაჯერებლად ჟღერსო''.ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ როგორც ყველაფერს, ამასც სალაყბოდ და კარიერის გასაკეთებლად იყენებენ ჩვენი ეროვნული პოპულისტბი და სერიოზული მსჯელობა ცოტაა ამ თემაზე..

    ReplyDelete
  10. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ადამიანი არამცთუ ორ ენას ერთდროულად, რამდენიმე ენას ერთდროულად ძალიან კარგად ითვისებს. ესპანური, იტალიური, პორტუგალიური და ფრანგული (თუნდაც ლათინურიც) ერთდოულად რომ ისწავლო, ძალიან ადვილად აითვისებ. ბავშვიც კი ლინგვისტის ლოგიკით მიუდგება ამ საკითხს, შედარებითობის პრინციპით სწავლობს

    ReplyDelete
  11. ისე რა აზრის ხართ, რომ საქართველოში უნივრესიტეტებში სწავლა ინგლისურად მიმდინარეობდეს ? მე მხოლოდ უპირატესობებს ჩამოვთვლი იმის გამო, რომ ნეგატიურს საერთოდ ვერ ვხედავ.
    1. ქართული არ არის სამეცნიერო ენა და არც არასდროს იქნება. არც ერთი ქართულენოვანი სამეცნიერო წიგნი არ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.
    2. აღარ იქნება საჭირო უცხოეთში მასობრივად სტუდენტების გაგზავნა სასწავლებლად შეგვეძლება აქ მოვიწვიოთ ინგლისურენოვანი ლექტორები სხვადახსხვა ძლიერი უნივერსიტეტებიდან.
    3. თუ მანდამაინც უცხოეურ გარემოში უნდა სტუდენტს სწავლის გაგრძელება ამასაც იოლად შეძლებს, რადგან თავისუფლად შეეძლება ინგლისურად სწავლის გაგრძელება.
    ეს ყველაფერი გააუმჯობესებს განათლების ხარისხს საქართველოში და შესაბამისად გვეყოლება უკეთესი სპეციალისტები.
    4. თუ ჩვენი უნივერსიტეტების დონე აიწევს ( და დარწმუნებული ვარ ძალიან აიწევს, რადგან ქართული ბუნებიდან გამომდინარე და კონკურენციის გამოც, თუ გაიგებენ ამ უნივერსიტეტში ბერლინის უნივერსიტეტიდან მოიწვიეს ლექტორიო, ჩათვალეთ მეორე დღეს სხვა უნივერსიტეტი ჰარვარდიდან მოიწვევს ლექტორს)მაშინ დიდი შანსია სხვა ქვეყნის ( მაგალითად ჩრდილოკავკასიელი) სტუდენტებიც მივიღოთ რაც ეკონომიკურ შედეგებთან ერთად გარკვეულ პოლიტიკურ ქულებსაც მოგვიტანს. მოკლედ ბევრი ვწერე ეხლა მე :) ძაან მაინტერესებს აქ შეკრებილი ბლოგერების აზრი :)

    ReplyDelete
  12. ბატონო შალვა,

    მე არ ვეწინააღმდეგები ინგლისურ ენაზე განათლების მიღებას (მე პირადად 6 წელი სკოლაში სწავლის პერიოდში და შემდეგ 4 წელი უნივერსიტეტში ინგლისურად ვსწავლობდი), მაგრამ მაინც მინდა თქვენს მიერ მოყვანილ რამოდენიმე არგუმენტს შევეწინააღმდეგო:

    1. მართალი ბრძანდებით, ქართული არ არის სამეცნიერო ენა. მაგრამ რა უფრო ლოგიკურია (და პროდუქტიული), მასალების წესიერ თარგმანს დაეთმოს დრო, ენერგია, და თანხები (რაც სხვა ქვეყნებში წარმოადგენს მეცნიერული სამუშაოს ერთ-ერთ ვარიაციას)თუ უბრალოდ გამოვიყენოთ ინგლისური მასალები და ჩამოვიყვანოთ უცხოელი პროფესორები?-- ა) მასალების ქართულად თარგმნით შევძლებთ არა მარტო მივაწოდოთ სტუდენტებს ადეკვატური განათლება, არამედ ასევე საქართველოში მეცნიერებას წინ სვლის საშუალებას მივცემთ; ბ)რახან არ არის სასურველი რომ პროფესორების უმეტესობა იყოს "სტუმარი-პროფესორის" სტატუსის (რახან მნიშვნელოვანი არის ხარისხიანი განათლების მიწოდებისთვის რომ მაღალი დონის პროფესორები იყვნენ სტუდენტებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი), მოგვიწევს რომ ქართველმა პროფესორებმაც ინგლისურ ენაზე ჩაატარონ სესიები: a) ეს გამოიწვევს ძველი თაობის პროფესორების ავტომატურ დისკვალიფიკაციას, რაც ჩემი აზრით არის სასირცხვილო, b)ინსტრუქციის ენის შეცვლა ხარისხს ავტომატურად არ წევს-- პირიქით, დიდი შანსია რომ ქართულად მოაზროვნე პროფესორები ისე კარგად ვერ ჩაატარებენ თავის სესიებს ინგლისურად როგორც ქართულად ჩაატარებდნენ, და ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად პროფესიონალების ისევ უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნა მოგვიწევს, რაც ეწინააღმდეგება თქვენი შემოთავაზებული აზრის მთელ არსს (თქვენივე #2 პუნქტი).
    2. სტუდენტების უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნა ემსახურება არა მარტო მათთვის იმის შესაძლებლობის მიცემას რომ მაღალი დონის ინგლისურ-ენოვან პროფესორების ლექციებს დაესწრონ, არამედ მათ პსიქოლოგიურ და ეთიკური აზროვნების ზრდასაც. არ გეწინააღმდეგებით რომ კარგი იქნებოდა რომ არ იყოს აუცილებელი სტუდენტების უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნა, მაგრამ ამ შემთხვევაში აქცენტს "აუცილებლობაზე" გავაკეთებდი-- ეს უნდა იყოს არჩევანი და არა აუცილებლობა იმისთვის რომ ადამიანმა წესიერი განათლება მიიღოს.
    4. არ გეთანხმებით რომ ინსტრუქციის ენის შეცვლით ჩვენი უნივერსიტეტების დონე აიწევს. მინდათ გითხრათ რომ იმ ევროპულ ქვეყნებშიც კი, სადაც არის არჩევანი ინგლისურ ენოვან და ადგილობრივ ენოვან უნივერსიტეტებს შორის, ძალიან ხშირად საერთაშორისო დონის უნივერსიტეტების სიაში შედის არა ინგლისურ ენოვანი უნივერსიტეტები, არამედ ადგილობრივ ენოვანი უნივერსიტეტები (მაგალითად გერმანიაში და იტალიაში სადაც უძველესი უნივერსიტეტები მდებარეობს).

    დასასრულს მინდა ბოდიში მოგიხადოთ რომ თქვენი აზრი დავიწუნე, მაგრამ მის სანაცვლოდ ვერაფერს ვერ გთავაზობთ.

    ReplyDelete
  13. ძალიან საინტერესოდ არის ჩამოყალიბებული სათქმელი და რაც მთავარია ჯანსაღი აზრი დევს სტატიაში. სიმართლე მწარეაო, მაგრამ აქ ეს სიმართლე ისე მკაფიოდ და თანაც ისე თავშეკავებულად წერია, რომ ყველა, ვინც ადრე სტატიის ავტორისაგან განსხვავებულად ფიქრობდა, ნამდვილად ტკბილად მიიღებს ამ სიმართლეს...

    ReplyDelete
  14. ანა დიდი მადლობა ასეთი საინტერესო არგუმენტაციისთვის, სრულიად გეთანხმებით...

    ReplyDelete
  15. ak rac tavikitxe kvelapershi getanxmebit,ubralod erti rame minda gkitxot-chven rom mogvitodebt vistavlot kartuli, gavuprtxildet kartuls, gvikvardes kvelaperi kartuli...es tkveni politikuri tanagundelebistvis gestavlebinat, mteli es tlebi kvelaper kartuls rom ebrdodnen...

    ReplyDelete
  16. ვემსახურებით საუკეთესო და კარგი ხარისხის ტელევიზია, ფილმები , კინო , სერიალი , ქართულად, televizia , filmebi qartulad , kino, seriali , horoskopi , gogaggg .

    ReplyDelete