Saturday 3 April 2010

ნელ-ნელა წინ, ნელ-მელა უკან

წინა ჯერზე ტაივანზე გიყვებოდით - რომ გადაიქცა ღარიბი ქვეყნიდან მდიდარ ქვეყანად - და ვითომ ამისთვის არაფერი ჰქონდა. რამდენიმე ჩემმა ნაცნობმა მითხრა - ეგ გამონაკლისი ქვეყანაო. ამიტომ გადავწყვიტე დღეს მოგითხროთ არა იმათზე, ვინც წინ წავიდა, არამედ ვინც უკან ჩაიჩოჩა.

1950 2010
1 აშშ 11
2 შვეიცარია 19
3 ახალი ზელანდია 51
4 ვენესუელა 84
5 ავსტრალია 23
6 კანადა 26
7 შვედეთი 28
8 დანია 30
9 ჰოლანდია 22
10 ბელგია 29
11 საფრანგეთი 39
12 არგენტინა 81


1950 წელს ეს იყო მსოფლიოში 12 ყველაზე მდიდარი ქვეყანა - მარცხენა სვეტში ხედავთ მათ ადგილს მდიდრების სიაში. მარჯვენა სვეტში კი ხედავთ, თუ რა ადგილი უკავიათ მათ 2010 წელს სიმდიდრით (მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე).
როგორც ხედავთ, ამერიკა, კანადა, ევროპის ქვეყნები ინარჩუნებენ თავიანთ პოზიციებს ასე თუ ისე. 1950 წლიდან ახალი ქვეყნები გაჩდნენ და მათ ცოტათი ჩააჩოჩეს 1950 წლის ლიდერები - მაგალითად, სინგაპურმა და ბერმუდამ გაუსწრეს ყველა ამ ქვეყანას. მაგრამ ეს არ არის დღეს განსახილველი. შეხედეთ სამ ფავორიტს:
• მესამე ადგილი - ახალი ზელანდია - ეხლა 51-ე ადგილას
• მეოთხე ადგილი - ვენესუელა - ეხლა 84-ე ადგილას
• მეთორმეტე - არგენტინა - ეხლა 81 ადგილას
თან ეს ქვეყნები შემთხვევით არ მოხვდნენ 1950 წელს მდიდრების რიცხვში - 1900 წელს, საუკუნის დასაწყისში, ახალი ზელანდია მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყანა იყო, არგენტინა ისევ მეათე, ვენესუელა კი ოცდამეათე ადგილზე იყო.
ასეთი რა დაემართათ ამ ქვეყნებს, ეპიდემია თუ ცუნამი? სამივე ქვეყანა სხვადასხვანაირია - ახალი ზელანდია ყველაფრისგან შორს, რესურსების გარეშე ცხოვრობს, ვენესუელას ასკდება ნავთობი, არგენტინას უზარმაზარი ტერიტორია აქვს, უამრავი რესურსი, ნავთობიდან უზარმაზარ სოფლის მეურნეობამდე.
რა ჭირი ეტაკათ? სამივეს ერთი და იგივე. სოციალიზმი შეეყარათ. ახალ ზელანდია მინდა ცალკე გავარჩიოთ შემდგომში. იმიტომ რომ იმკურნალა და ეხლა გამოკეთდა, მის მკურნალობაზე და მკურნალებზე - როჯერ დაგლასზე და რუთ რიჩარდსონზე ცალკე მოგიყვებით.
სოციალიზმი კომპარტიის გარეშე - რაც ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სენია განვითარებად ქვეყნებში. რაში გამოიხატება? სახე სხვადასხვაა, შინაარსი ერთია - მთავრობას უნდა ეცოდებოდეს ხალხი, არ ჯეროდეს, რომ ის რამეს გააკეთებს თავისით, უნდა დარწმუნებული იყოს, რომ მისნაირი (მთავრობისნაირი) ჭკვიანი რომ უხელმძღვანელებს ეკონომიკას, ეს უფრო კარგია, ვიდრე ვიღაც გაუნათლებელი, ვიგინდარა ანდა სულაც ხარბი ხალხი შეესიოს ეკონომიკას და ვისაც რა უნდა, ის აკეთოს.
მახსოვს 2000 წელს დაახლოებით, არგენტინის ფინანსთა მინისტრს ვუსმენდი. ჩემი ყურით. მან თქვა „ ნაციონალიზაციის დიდ გამოცდილება გვაქვს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ორჯერ ჩავატარეთო“.
შემდგომში, ისტორიკოსების ნაწერებში, კინოფილმებში, მოგონებებში ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს. გახსოვთ ალბათ ალან პარკერის ფილმიდან „ევიტა“, როდესაც დასაწყისში სულ სხვა სანახაობისთვის გამზადებულ დარბაზს მოქალაქე ეუბნება: „გარდაიცვალა ევიტა პერონი, არგენტინელი ხალხის სულიერი ლიდერი“ . ისინი ტირიან, ჩვენ ვტირივართ. მადონა და ბანდერასი, ვებერის მუსიკა - მიდი და ნუ იტირებ.
რაც ევიტა პერონმა და მისმა ქმარმა უყვეს არგენტინის ეკონომიკას, ის ჯერ უგო ჩავესსაც კი არ უქნია ვენესუელის ეკონომიკისთვის.
მე ჩემს თავს ვუსვამდი კითხვას - ხომ არ იყო რამე ერთი შეცდომა, რომელიც ან არგენტინაში, ან ვენესუელაში გახდა მიზეზი უკუსვლის? მე ესეთი ერთი ცალი შეცდომა ვერ ვიპოვე. ოთხ პატარა მაგალითს მოვიყვანთ, შეგიძლიათ საკუთარი თავი გამოსცადოთ, ახლობლებიც და მერე დაასკვნათ, ჩვენ უფრო სინგაპურივით გავუსწრებთ ამერიკას, თუ უფრო ვენესუელასავით დავიმხობთ თავზე ეკონომიკას.
1. ვენესუელაში მთავრობა ზრუნავს გაჭირვებულ ხალხზე და ასუბსიდირებს ბენზინს, რის გამოც მსოფლიოში ყველაზე იაფი ბენზინი ვენესუელაში იყიდება.
2. არგენტინის პრეზიდენტმა კირშნერმა მოახდინა კერძო საპენსიო დანაგროვების ნაციონალიზაცია, ვინაიდან არ სჯერა, რომ კერძო კომპანიები კარგად მოუვლიან ამ ფულს.
3. ვენესუელაში ცემენტი ეძვირა უგო ჩავესს. შეუთვალა კომპანიებს - გააიაფეთო. არ დაუჯერეს. მაშინ ნაციონილიზაცია გაუკეთა ცემენტის საწარმოებს და ეხლა იაფი ცემენტი აქვთ ვენესუელაში.
4. არგენტინის მთავრობამ ხორცის ექსპორტი აკრძალა - ჩვენთან დარჩეს და გაიაფდესო.
მოგწონთ?

6 comments:

  1. არ მომწონს....
    ვენესუელად რომ არ გადავიქცეთ, როგორ მოვიქცეთ?

    ReplyDelete
  2. მგონი შვედეთსაც ემუქრება ეგ საფრთხე... ძალიან საინტერესო სტატიაებია ბატონო კახა, ძალიან მომწონს.

    ReplyDelete
  3. შემდეგში დიდი სიამოვნებით მოგისმენთ ახალ ზელანდიაზე.

    ReplyDelete
  4. arc me ar momcons, ratom ar miitanet tkveni nafikrali mosaxleobamde? blogebs cota adamiani kitxulobs.

    ReplyDelete