Friday, 20 August 2010

იძულება სამოთხისაკენ

ეს არის ჩემი სვეტი 3 მაისის ტაბულადან

ხშირად მომისმენია - ნახე, მავანმა მთავრობამ რა ჭკვიანურად გააკეთა - ეს აკრძალა, და ამაზე ნება დართო. კაპიტალის გატანა აკრძალა, შემოტანა კი პირიქით, წაახალისა. ან ბრინჯის იმპორტი აკრძალა, ადგილობრივ გლეხებს კი სუბსიდია მისცა. და ასე შემდეგ...
ხანდახან ასეთ მოქმედებას აქვს პოლიტიკური შინაარსი, ხან ეს სუფთა პოპულიზმია, ხან კი - პოლიტიკური სისულელე.
მაგრამ მათ აქვთ ეკონომიკური შინაარსი? შეიძლება თუ არა აიძულო ეკონომიკა გაიზარდოს?
არა, პოზიტიური ეკონომიკური შინაარსი ასეთ მოქმედებას არ გააჩნია. კიდევ ერთხელ - ეკონომიკური შინაარსი არ გააჩნია, იშვიათად გააჩნია პოლიტიკური შინაარსი.
არის ბევრი მიზეზი, რატომაც არ შეუძლია მთავრობას ეკონომიკის იძულებითი განვითარება. დღეს მხოლოდ ერთ მათგანზე მოგიყვებით.
ინგლისელმა ეკონომისტმა დავიდ რიკარდომ 1817 წელს დაასაბუთა, რომ თუ თითოეულ ქვეყანაში აწარმოებენ იმას, რაც ყველაზე კარგად გამოსდით, და მერე ამ პროდუქტებს გაცვლიან, ორივე ქვეყანა უფრო კარგ შედეგს მიაღწევს. მისი ცნობილი მაგალითია ინგლისსა და პორტუგალიაში ღვინის და ტანსაცმლის წარმოება. ამ მაგალითზე რიკარდომ აჩვენა, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღწევა მაშინ, როცა ქვეყნებს შორის ხდება სპეციალიზაცია, და როდესაც ინგლისი აწარმოებს მხოლოდ ტანსაცმელს, პორტუგალია კი - მხოლოდ ღვინოს, და ერთმანეთში ვაჭრობენ.
ამერიკელმა ეკონომისტმა სამუელსონმა, უკვე მეოცე საუკუნეში, დაამატა, რომ თუ თუ თითოეული ადამიანი აკეთებს იმას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის, ჯამური შედეგი არის მაქსიმალური. თუ თქვენ ერთდროულად ხართ ყველაზე კარგი იურისტი და ყველაზე კარგი მდივანი, და იურისტის ანაზღაურება მეტია, მაშინ ყველაზე კარგი ფინანსური შედეგი გექნებათ, როდესაც თქვენ მთელ დროს იურისტობას დაახარჯავთ და მდივანს კი დაიქირავებთ. მდივნისთვისაც ეს იქნება ყველაზე ეფექტური შედეგი.
მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს, იურისტი იურისტობდეს და მდივანი მდივნობდეს.
მრავალი ადამიანის შემთხვევაში - თითოეული ადამიანი ცდილობს მიაღწიოს თავისთვის ოპტიმალურ შედეგს. რაც უფრო ნაკლები შეზღუდვაა ეკონომიკში, მით უფრო ოპტიმალურად გამოიყენებს ადამიანი თავის თავს. რაც უფრო ნაკლები შეზღუდვაა ეკონომიკაში, მით უფრო ადვილად გაცვლის (გაყიდის) ადამიანი თავისი შრომის შედეგს.
რაც უფრო მეტია შეზღუდვა ეკონომიკაში - მით უფრო რთულია ამ საყოველთაო ოპტიმუმის მიღწევა.
ეკონომიკა, სადაც ყოველგვარი არაძალადობრივი ეკონომიკური საქმიანობა დაშვებულია, არის თავისუფალი ეკონომიკა. ძალადობრივი საქმიანობისთვის (ძალადობაში მოტყუებაც შედის) კი არსებობს სასამართლო, ჯარიმა და ციხე.
თუ მთავრობას უნდა ეკონომიკის განვითარება, შეიძლება წარმოვიდგინოთ ორი გზა: პირველი - ხელი არ შეუშალოს ადამიანს იყოს მაქსიმალურად ეფექტური, და მეორე - აიძულოს ადამიანი იყოს უფრო ეფექტური. როგორ წარმოგიდგენიათ, აკრძალვებით, დაშინებით და მოტყუებით შეიძლია გავზარდოთ თქვენი ეკონომიკური ეფექტურობა? სხვისი? ყველასი?
უნივერსიტეტის მეოთხეკურსელებმა გადავწყვიტეთ სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება. მცირედი დახმარება გვინდოდა რექტორატისაგან. მაშინ თსუ-ს პრორექტორი ცნობილი იურისტი სერგო ჯორბენაძე იყო. მოვუყევით ყველაფერი. მოგვისმინა და გვითხრა: „ძალიან მომწონს რის გაკეთებასაც აპირებთ, ხელს არ შეგიშლითო“. ჩვენ გაწბილებულები გამოვედით. ყველანი ვდუღდით - როგორ, რას ნიშნავს ხელს არ შეგვიშლიან?! ეს დახმარების სანაცვლოდ???
მრავალი წლის შემდეგ მივხვდი, რაოდენ სწორი იყო ჩვენი პრორექტორი.
სწორედ ასე - რაც შეიძლება მთავრობამ გააკეთოს კარგი - ხელი არ შეუშალოს არავის.

Thursday, 5 August 2010

თბილისი 2034 (ტაბულა, 2 აგვისტო)

ეძღვნება 1982 წელს
სპეციალური გაფრთხილება პანიკის ასაცილებლად: ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა; ეს არ არის არაფრის იმიტაცია; რაიმე დამთხვევა არაფერს არ ნიშნავს; რაიმე არდამთხვევა არაფერს არ ნიშნავს; საერთოდ ეს ტექსტი არაფერს არ ნიშნავს.
თბილისი 2034.
1.
ზემოთკენ მივდივართ?
პირიქით, ვეშვებით?
ძალიან მღლის ნიუ-იორკ - თბილისის რეისი. ეს ბოინგის მესამე თაობის სუპესონიკი არც ისე კომფორტაბელურია, როგორც რეკლამაში. საცურაო აუზი სასაცილოდ პატარაა, რესტორანში არც „უსახელაური გრან-კრიუ“ ჰქონდათ, არც „თაკვერის ხვანჭკარა“. მეტრდოტელმა უშნოდ გაიცინა და მითხრა - ბატონო, საგაზაფხულო აუქციონზე ყველაფერი თავად ქართველმა სირაჯებმა ისეთ ფასებში და ისე სწრაფად იყიდესო, რომ ჩვენებმა მხოლოდ დაგეგმილის მესამედი წამოიღესო, და სანაცვლოდ იტალიური ბაროლო დი მონტალჩინო შემომაჩეჩა. ეეჰ, როგორ ფუჭდება სერვისი!
ან რატომ მითხარი, თბილისში ჩავფრინდეთო - მას შემდეგ რაც მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმი დავოსიდან გუდაურში გადმოვიდა, იანვრის ბოლოს თბილისში ჩასვლა უაზრობაა - გადაჭედილი სასტუმროები, რესტორნების წინასწარ შეკვეთა, რუსთაველზე ვერ გაივლი, შატლი თბილისი-გუდაური ხომ საერთოდ აბსურდული ფასად იყიდება - რა დრო იყო, მამაჩემმა მოსკოვში წამიყვანა პირველად სკოლის დამთავრების შემდეგ 37 მანეთად! გუდაურამდე ბილეთი კი 700 დოლარი ღირს - თურმე გუდაურის აეროპორტს არ შეუძლია 300 კაციანი თვითმფრინავების მიღება და ამიტომ პატარა 100-იანები დაფრინავენ. თუ არ შეუძლია, რატომ მე ვიყო უნდა ამით შეწუხებული?!!!
არა, არ წავალთ ჯერ გუდაურში. რა მეჩქარება? წელს არც ავსტრალიის პრემიერი ჩამოვიდა, არც არგენტინის პრეზიდენტი, არც ომანის სულთანი. ამ უუფლებო ევროპული ქვეყნების უფროსობასთან საუბარს აზრი არა აქვს - მაგათ არც ფული აქვთ, არც ძალაუფლება. მთავარ ევროკომისარს რთველის დროს ხომ ვესტუმრეთ დედულეთში. ეგეც კაი ტიპია - რამ აყიდინა ვანში ვენახი, როცა შეეძლო კახეთში ეყიდა? „You see, my friend, Vani is the most interesting place from historic point of view, and I like feeling, that I am in the Museum, and I like local vine and wine etc.” ისე გასაგებია, მამა ესტონელი ჰყავდა, და იმერელმა დედამ არ ასწავლა, რომ ვანში ღვინო არ ვარგა - არც ერთხელ სიღნაღის საერთაშორისო კონკურსზე არც-ერთი ღვინო ვანიდან ათეულში არ მომხვდარა. არც ასეულში? კი, მჯერა.
გუდაურში ხვალ დილით ჩავიდეთ, ჩემს პანელს წავიყვან, და ეგრევე დავბრუნდები. მერე რა რომ ანჯელინა ჯოლიმ მთხოვა საღამოზე დასწრება? ეგეც რა, ქორფა კიტრია? ნახევარი სხეული განახლებული აქვს, მერე რა, რომ თხილამურებზე სრიალებს. დიახ, რაც ბიოჩიპები და კუნთშემცვლელები ჩაუდგეს, ძირითად ჩვენი გამოშვებულია. ვიცი რომ იცი, ეს ისე, რომ გესმოდეს, ვისი ხარ.
კი, მართლა ვეშვებით. რა უბედურებაა, აეროპორტი შუა ქალაქშია ფაქტიურად, სად გაგონილა ეგრე. ლილოს ფინანსურ დისტრიქტს, მარტყოფის ჩაინათაუნს და ფონიჭალის საუნივერსიტეტო კამპუსს ეს ხომ ხელს უშლის! უკვე სამი წელია, ჭორაობენ სართიჭალაში ნორმალური აეროდრომის მშენებლობაზე. ეს მართლა ქალაქიდან ცოტა მოშორებული იქნება - კახეთის შარაგზით ცენტრიდან ნახევარი საათი გინდა გლაიდერით. არა, ძალიან ნელა კეთდება ყველაფერი. ან შარაგზა - რა სულელურ სახელებს ამოქექავენ. გვაქვს დამკვიდრებული ჰაივეი - არა, უნდა თქვა შარაგზა!
ძალიან არ მომწონს ეს ახლანდელი კახეთის ჰაივეი - რა უბედურებაა ამდენი ცათამბრჯენი ორივე მხარეს. მახსოვს, 2002-ში ჩამოვფრინდი -ისეთი მყუდრო იყო, ჩაბნელებული, ხეების შრიალს გაიგონებდი. ეხლა? ყველაფერი ბრჭყვიალებს, ტრიალებს, ანათებს! განსაკუთრებით ორი შენობა მზარავს - მაიკროსოფტის ევრაზიული ჰედკვორტერი და დაღესტნის საელჩო. ან რა ზომებია, ან რა ფერებია, ან რაში ჭირდებათ ამხელა შენობა შუაგულ თბილისში. ვაი, ვაი, ესენი მეოცე საუკუნეში ჩარჩნენ.
ისე გაუგებარია, რატომ არის თბილისში ეს საელჩო? 2024 წლის დეცენტრალიზაციის რეფორმის შემდეგ, როცა 2014 წელს ქუთაისში გადასულ პარლამენტს მიჰყვა 2024-ში უზენაესი სასამართლო სოხუმში და 2025-ში პრემიერის ოფისი და შვიდივე სამინისტრო ახალქალაქში, საელჩოს თბილისში რა უნდა?
არა, წესრიგი არ გვიყვარს ქართველებს, და ამიტომაც ვართ ამ დღეში.
რა დღეში?
გოიმების ქვეყანა ვართ.
მერე რა, რომ გავმდიდრდით. ეგრე ჩვენსავით მდიდარი ევროკავშირიცაა!
რაღაც შეზღუდულები ვართ.
მეც? არა, მე არა. მაგრამ ეს ახალი თაობის ბიზნესმენები კი. მაგალითად, არცერთი მათგანი ბიზნესს (დიდ ბიზნესს, თორე ეხლა სახინკლეები და სახაჭაპუროები კი) არ აკეთებს არც ზაირში, არც ბირმაში - ხომ გასაგებია, რომ ეგენი ხვალ დაგვეწევიან. ძალიან ტრადიციულები და ჩაკეტილები ვართ - ოფისი კახეთში, მამული სამეგრელოში, ქარხანა ჩინეთში, ბანკი ამერიკაში, ვენახში ფრანგები, ზამთარი ბათუმსა და ბიჭვინთას შორის, ზაფხული ჯავასა და ამბროლაურს შორის. Примитив! ამიტომ ვართ მესამე ადგილას ეკონომიკური ზრდით. რა დრო იყო, ზედიზედ ხუთი წელი რომ პირველზე ვიყავით, ეეეჰ! შენ მაშინ პროექტშიც არ იყავი. იყავი? ოკ.
არ გინდათ ზაირი და ბირმა - მაშინ სამხრეთ ამერიკაში წადით! მანახე ვინმე ახალგაზრდა, ვინც რამე ბიზნესი დაიწყო გვატემალაში, კოსტა-რიკაში, პარაგვაიში, თუნდაც ურუგვაიში - არავინ. არა, არა, მე Georgian-PanAmerican-ს საერთოდ ქართულ ბიზნესად არც ვთვლი - მოსკოვში დაიბადა, ჰარვარდში ისწავლა, სან-ფრანცისკოში დაიწყო, ეხლა ელეიში ცხოვრობს. მერე გვარი! იყო ჯუანშერ ტყეშელაშვილი და სახელი და გვარი დაიმოკლო - ვერავინ ვერ წარმოთქვავსო - რა მარაზმია! Juan Tkeshvili – shame on you. მამამისი ცოცხალი რომ იყოს, თავს დაიხრჩობდა.
მერე რა, რომ ჩვენებური გვარები უჭირთ - მეორე ცოლი რომ მოვიყვანე, მამამისს ძალიან უჭირდა ჩემი სახელის და გვარის წარმოთქმა - ცხრა იეროგლიფი გამოვიდა, და ვერ ხვდებოდა - ზა ალ ოკო რო ჩედ ლი ში ვი ლი - ამას დღესაც სწორად ვერ იტყვის, მაგრამ მე ზა ლი კი არ გავხდი.
და ესენი ჩემზე ამბობენ, დაბერდაო? შენ ყურით მოგისმენია? ნუ რაცა გაქვს ყურად მიერთებული! მაგათი....ბებერი ლომი ჯობია ახალგაზრდა ტურასო - ნათქვამია. ისე კარგი ნეიროპიუტერი გამოგიგონეს დიღმელმა ბიჭებმა - ამდენი ხანია გებაასები, ჯერ ვერ გამაბრაზე.
მეზარება ეხლა წალენჯიხაში წასვლა ორი საათი მანქანაში - ჰილტონ-ლილოში გავათევ ღამეს. შენც გემოზე დაგტენი.
2.
ცოლმა - რა გინდა, პური თუ კოფეო. პური ავირჩიე, ორივეს არ შემარგებდა.
ამ დროს გაგა შემოვიდა - მამა, მამა, ეს რა არისო, რისენტლი ფაუნდო. ზველი ტსიგნი იკო - ვეფჰისტკაოსანი. ოლდსტაილზე. ჩემმა ბიჩმა არტს იტსის - თ, ღ, წ, ჭ, ხ, ც, ჟ, ყ, ქ - ადრე რომ არსებობდნენ. ამიტომ ვერ ტსაიკითხა. როტსა ვუტჰარი - ვეფჰს ტკავი გააზრო და ჩაიტსვა (დისგასტინგ) ერტმა ტაფ გაიმ-მეტკი, ვეფჰი რა არისო და ტკავი რა არისო, ვაჩვენე ვირტუალში. მე ბაბუას ზოოპარკში დავკავდი გმირტა მოედანზე. მერე ბელგიელი მტსვანეების მოტკოვნიტ მივუერტდიტ ტსკოველტა უფლებების ევროპულ კარტიას, და დავჰურეტ რეალში ზოოპარკი. იქ ვეფჰიტს იკო, ბაკაკიც, გველიტს, ტუტიკუშიტს და ფოტსჰვერიტს. მიკვარდა ზველი ზოოპარკი და ტსოტა გული დამტსკდა. ინ პრინსიპლ, შეგვედზლო არ მოგვეტსერა ჰელი ამ კონვენტსიისატვის, მაგრამ მტავრობამ სტსორი კნა - ეჰლა საკარტველოში ტსჰენზე ან ვირზე ჯდომა არ შეიზლება, და ზროკას ადგილობრივი ანესტეზიიტ ტსველიან, და ყველა ევროპელ მტსვანეს ვუკვარვარტ.


ვჩამტ და ტსოლი მეუბნება - აჰალი მინისტრი გკავტო? ვერაფრიტ ვერ ავუჰსენი, რომ მე ვარ არა ევროპასტან მჩიდრო ინტეგრატსიის სამინისტროს ტანამშრომელი, მე ვარ ევროპულ კანონმდებლობასტან გრმა და კოვლისმომტსველი ჰარმონიზატსიის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუკტსიის კანონმდებლობის ჰარმონიზატსიის დეპარტამენტის პროდუკტსიის გადამუშავების სამმარტველოს მტავარი სპეტსიალისტი. ჩემს ტსოლს კანდაკან სულ არ აინტერესებს დეტალები.
გუშინ დეპარტამენტის უფროსსმა გამომიზაჰა და მიტჰრა - „I appreciate what you are doing for deep and comprehensive harmonization, so I want to promote you as head of new sammartvelo of competition policies legislative approximation of ”-ო. ეგ ტუ გამოვიდა, კარგია, კელფასიტს მეტი, და ბრუსელში ვივლი კოველი ტვე. ეს იმის შედეგია, როცა ჩემი კანონპროეკტი საოჯახო მიზნებისტვის ტკემლის და გოგნაშოს ხარშვის უსაფრტკოების რეგულატსიის შესაჰებ მოეწონა.
ეჰლა კარგად გავერკვევი ამ ტოპიკში, რიპორტები დავსირჩე, რატს კი შიდანეტში ეკიდა.
ზველი რიფორტები ოტსდატჰუტმეტი ტსლის ტსინანდელი იკო - ტსოტა გამიჩირდა ტსაკიტჰვა - ოლდნუსკურიტ იკო დატსერილი. ტვალები მეტკინა.
აღმოვაჩინე - ბევრ სოფელში დგემდე ჰმარობენ ტონეებს - ეს ჰოუმმეიდ ბეიკინგ ოვენია თურმე ლოკალ სტაილ. ცოტა ტონეა, და ერტი ტსისკვილია რამდენიმე სოფელზე. ანუ ტონეების ოლიგოპოლია და ტსისკვილების მონოპოლიაა. მე ეგრევე ვიფიკრე - ავაშენოტ მუნიტსიპალური ტონეები. დავევიდეოვე ტორნიკეს სოფლების განვიტარების და აკვავების სამინისტროში და მოვუკევი. მიტკრა, ბრილიანტ აიდიააო, მაგრამ გაკოტრდებიანო.. მაგას რა ჯობია-მეტკი, დავასუბსიდიროტ-მეტკი. მეტი სუბსიდირება - მეტი სტაბილურობა. ეს ტუ გავიტანე, აკალი სამმარტველო კარგად დაიტსკებს - ლიგალ დრაფტინგიტს ჩემი იკნება, მერე ტენდერები კონსტრატსტიონ-კომიშონინგზე, მუნიტსიპალური ტრეინინგები კაპასიტი ბილდინგისატვის, სუბსიდირება ჩაიდება ეროვნული განვიტარების გეგმაში, ბაჯეტ ეპრუვალი კოველტსლიურად. აუტკამების შეფასების ტსესები. შეიდზლება ოვეროლ ტსალკე სააგენტოც გაჰდეს შესაკმნელი. და მე უფროსი! კუუულ!!! სადმე უნდა ვნაჰო, როგორ გამოიკურება ტონე!
საჰლში მივედი, მამაჩემს მოვუკევი. ნეტა არ მომეკოლა - ტიპიური ლიბერტარიანელი ევროსკეპტიკია. დამიტსკო გინება მე და მტავრობას - სულ დზველასოებიანი სიტკვებიტ. ამდენი ყ, ჭ, ძ და ღ არ გამიგია მას მერე, რატს ჩავიჩერი მატემატიკის გამოტსდაში. მამაჩემი იზაჰდა - რას ერჩიტ საკარტველოს, გაანებეტ ტავი, ვერ ჰედავტ ეკონომიკა არ იზრდება უკვე ოტსი ტსელია და ასე შემდეგ. ეკონომიკა რატომ უნდა გაიზარდოს, რაში გვჭირდება. თქვენი ევროპაც კი გაიზარდა ატ ტსელიტსადში რვა პერსენტიტო! ჩვენ რა, ევროპას ვაჯობოტ? მერე ბრუსელში ვუტკრატ ჰარმონიზატსია არ დამტავრდა და ჩვენ გისტსრებტო? ტკვენი ფული აგარ გვინდა, ისედაც კარგად ვარტო?
კიდევ კარგი, მტავრობაში ასე არავინ ფიკრობს - მას შემდეგ, რატს მეტსნიერულად დასაბუტდა, რომ ეკონომიკური ზრდა არ არის მტავარი - მტავარია ჰარმონიული განვიტარება და სიმშვიდე - ანუ ევროჰარმონიზატსია და სტაბილურობა. ის ბნელი პერიოდი, როტსა ეკონომიკა იზრდებოდა სტსრაფად და უკონტროლოდ, ტსარსულს ჩაბარდა. ბლეკ ტენ იარს - 2004-2014. კველას შეეზლო ეკეტებინა რატს უნდოდა - სრული კაოსი იკო, ინვესტორები პულს აბანდებდნენ, ბიზნესებს ხსნიდნენ, როგორც უნდოდატ, მაგაზიები ვაჩრობდნენ რიტიტს უნდოდატ, ჩარბ კონკურეტსიას არავინ არეგულირებდა. ეკონომიკა იზრდებოდა ტავისიტ, ეროვნული გეგმის გარეშე. რა დროზე ტსაუსტრეს სოციალისტ-ევროოპტიმისტებმა! ეჰლა ალბატ ვიკნებოდიტ სინგაპურივიტ და ჰონკონგივიტ - განვიტარებული ქვეყანა ევროკავშირში მოჰვედრის შანსის გარეშე. ფულსაც არავინ მოგვტსემდა...
მამაჩემისნაირები რეტროგრადები ბევრნი არიან, მაგრამ დგეს ეგენი არ ტსკვეტენ საკარტველოს ბედს. კიდევ ოტსდაატი ტსელი და ჩვენც ევროკავშირში ვიკნებიტ.
გვტსკალობდეს ბრუსელი!

3.
ვსიო ნარმალნო დღეს.
ჯერ ერთი, შვილს სამუშაო გავუჩალიჩე - მომავალ თვეში სტროიკაზე პრარაბის პამოშნიკად წავა და 20 000 ლარს მიიღებს ჩისტიმი და უფასო სპეცოვკას. მაგას ჩემს მაყუთს დავუმატებ, და ველასიპედს გამოვიყვან პოსლეზე. მერე მთავარია რასსროჩკა არ გავაცდინო.
მეორე - გუშინწინდელი ხაჭაპურები იყიდებოდა ძალიან იაფად. სამივე ნაჭერი ვიყიდე, სახლში გავხუხავ კერასინკაზე. ეტყობა საქონლის ჩამოფასების საქალაქო სამსახურს რაღაც შეეშალა და დიდი სკიდკა დაუანგარიშა მაღაზიას. ძაან ვკაიფობ ამეებზე - თვეში ერთი სტო ტისჩ კი შეიძლება დაზოგო, თუ სულ დადიხარ და ცენნიკებს და ნაკლკეიკებს ამოწმებ. გაუმარჯოს ჩამოფასებას!
მესამე - ჩვენი პადიეზდის შეხვედრა იყო აღმასკომის კომუნხოზის უფროსის ზამთან, ხუთი წლის წინ რომ კრიშაზე ჟეშტი აგძვრათ და გაწვიმდათო, გეშველათო. პრეზიდენტმა ვნეპლანოვი ჟეშტი გამოგიყოთ 20 მეტრკვადრატაო. სამ თვეში შემოიტანენ საქართველოში ათ ვაგონ ჟეშტს და მიხვალთ პრომბაზაში და წამოიღებთო, აჰამც თქვენი ნაკლადნოიო. ვენაცვალე მაგას - როგორც დაგვპირდნენ შარშანწინ წინასაარჩევნოდ, ისე გააკეთეს. მალადეც!
მეოთხე - ჩემმა ცოლმა კბილი ამოიღო - ორი თვის წინ ატკივდა, სულ ყმუოდა, ამოღებაზე ჩავეწერეთ, რიგი ოთხი თვის იყო, მაგრამ მთავრობამ კიდევ სამი სტომატოლოგს მისცა რაზრეშენიე, რომ ემუშავათ, და უცბათ რიგი წავიდა. გაუმარჯოს მთავრობას!
მეხუთე - ჯიშის და ჯილაგის ლიგის პრეზიდენტი ვოვა უცმაცუნაშვილი დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად. მაგარი კაცია, ჩემს წინ სწავლობდა პიისიატპიატიში. მაგას დიდი სვიაზები აქვს რუსეთში. ვოვა ჯერ ციმბირში სეტკით და გლუშიტელებით ვაჭრობდა. მერე პადმასკოვიეში რესტორანი გახსნა. იქ ერთი სტუდენტი დაუდიოდა, სახინკლაოდ. ეხლა ის კაცი გამხდარა პუტინის პამოშნიკის სეკრეტარიატის მთავარი კამპიუტერშიკის - ჩემი ყურით მოვისმინე ჯიშჯილაგლიგის სხოდკაზე - დაჭრილი სასისკები უნდა გაეყიდათ, და მივედი.
ბატონმა ვოვამ თვითონ მოყვა. ჩერეზ ეგ კაცი კანალი მაქვს სტაპრაცენტნი პუტინზეო.
ეხლა განაცხადა დასავლეთ საქართველოს სოფლებისთვის ქალაქ ხაშურს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც გასაღების ბაზარს, ამიტომ ჩემს თავზე ავიღებ, რომ ხაშურში დევნილები დაბრუნდნენო და ვაჭრობას ხელი არ შეეშალოსო! ასევე თიანეთშიო. კანეჩნა, უნდათ დევნილებს იქ წასვლა - რუსეთის პასპორტებს აძლევენ, პენსიები აქვთ მაღალი - ჩვენ ფულზე 80 000 ლარი - შეგიძლია ყოველდღე ბუხანკა პური იყიდო, თვეში ერთხელ ტუშონკა გეკუთვნის. მეც წავიდოდი, მაგრამ სპრავკა არ მაქვს, რომ იქაური პრაპისკა მქონდა. ყიდვა შეიძლება მაგ სპრავკის, პასპარტისტკა მყავს ნაცნობი, ოთხი მილიონი და ვსიო. ერთი ჩემი ნაცნობი დაბრუნდა ეგრე ქარელში, ეხლა თვეში ერთხელ სოჩი-ერევანის მატარებლის პრავადნიკს ერთ მეშოკ სუხარებს ატანებს ცოლთან.
კიდო ვოვამ თქვა, არ დაგავიწყდეთ, რუსეთი ერთმორწმუნე ქვეყანაა, ქართველები ისე უყვართ, ვერ წარმოიდგენთო. ჩემი სეხნია, დიდი ვოვა ქართულ ღვინოს სვამსო, და ნაბეღლავს პახმელიაზეო, ამიტომ იძახისო, „без Грузии не протяну и дня“-ო. პატარა ბიჭი ხომ არ არის, პად ძევიანოსტოა. და, თურმე, რვა აგვისტოს ქართულ ეკლესიაში დადის. ვოვა ვივა!
მეექვსე - მთავრობამ თქვა, რომ უცხოური ვალუტის შემოსვლისთვის ბრძოლის გაგრძელების ამბავში, რესტორნებს და სასტუმროებს შეეძლებათ თვითონ დააწესონ ფასებიო. ხუთივე რესტორანს შეეძლება მარგარინზე ერბოკვერცხიც, მაკარონის ხაჭაპურიც და პურის კატლეტიც გაყიდოს თავისუფალ ფასში. კანეჩნა, ფასების ცენტრალურ საკალკულაციო ბიუროს ინფორმირებით. სახელმწიფო სასტუმრო „დიადი საქართველო“ (ადრე რომ მარიოტი იყო) და მუნიციპალური სასტუმრო „ერთმორწმუნე მეზობელი“ (ადრე შერატონი) მიიღებენ უფლებას, რომელიც ადრე ჰქონდა მხოლოდ სასტუმრო“სათნოებას“. ჯერ არ მომეწონა, მაგრამ მერე დიქტორმა თქვა - სამაგიეროდ, მოსახლეობის სოციალური შეჭირვებულობიდან გამომდინარე, მცირდება ფასი რესტორნებში პურზეო. აი ეგრე! ყოჩაღ მთავრობა! მაგარი ჭკვიანები არიან - იქეთ აწიეს, აქეთ დაწიეს! რავნავესიეა!
მეშვიდე - კუბოს შეკვეთაზე რიგმა მომიწია. შარშანწინ ჩემი სიმამრი მოკვდა და ლიმიტი ამოგვეწურა, და რომ მომკვდარიყავით ვინმე, უკუბოდ დაგვმარხავდნენ. ეხლა ერთ ბეზრაზმერნი კუბოს შევუკვეთავ, მომავალ წელს ოსეთიდან ჩამოიტანენ - იქ კი აკეთებენ, მაგრამ რუსული ქარხანაა და მაგარი კუბოები აქვთ - ნამდვილი რუსული ხარისხი. გინდა მე მოვკვდე, გინდა ჩემი ცოლი, გინდა შვილი - ყველას მოგვერგება, მაშ! მამენტ, ორნიც ჩავეტევით.
ეგ კარგია, ოსეთთან ზავს რომ მოვაწერეთ ხელი - თორემ იქამდე ძალიან ჭირდა. იმასთან შედარებით მაგარი აბლეგჩენიაა.
ჩემი მეზობელი მეუბნება, ეგ ოსეთის ზავის გამო კი არ ვართ უკეთესადა, პროსტა მთავრობა რომ ოცი წლის წინ ეროვნული ეკონომიკური განვითარების ხუთწლიან გეგმებზე გადავიდა, ფასების კანტროლი დაიწყო, და გაყიდული ქონება ისევ ხალხს დაუბრუნა, ამან შედეგი მხოლოდ ეხლა გამაიღოო.
რატომ-მეთქი მარტო ეხლა?
მაშინ პროსტა დიდი კომპიუტერები არ გვქონდა და ეხლა გვაჩუქა ჩრდილო კორეის მთავრობამ ოთხი ცალი, ნახმარებია, მაგრამ ყველაფერს ზუსტადა თვლიანო. ისე, ჩვენს ქუჩაზე ერთ შენობას აწერია: „სსიპ „ეროვნული ეკონომიკური განვითარების ხუთწლიანი გეგმის კვარტალური ჭრილის მთავარი პრიორიტეტების ზუსტად განსაზღვრის რესპუბლიკური სამსახურის ცენტრალური გამოთვლითი ცენტრი“. პა კრაინეი მერე, შიგნით რაღაც ამ ბოლო დროს ზუზუნებს.
მაგრამ მე მაინც მგონია, ოსეთთან მირნი დაგავორია პრიჩინა. მაინც დიდი საქმე გააკეთა წმინდა მეფის ერეკლე მეორის (ბაგრატიონის) და წმინდა მოღვაწის სერგო წამებულის (ორჯონიკიძის) სახალხო-კონსერვატიულმა ეროვნული სამართლიანმა ფორუმმა (ჩემი ქვისლია მანდ დაცვაში).
თან ჩვენი ეკლესიის იურისდიქცია აღსდგა ოსეთში, საშვილიშვილო რამ გაკეთდა. მაგას მაგრა უშველა, რო პუტინი რუსეთის პატრიარქი გახდა.
ზნაჩიტ, შვიდი საქმე გამოვიდა უდაჩნი.
ხვალისთვის ჩავითქვი - მთავრობამ გამოაცხადოს, რომ დენი გვექნება სამი საათი ყოველდღე. მაშინ ვარკეთილში მშენებარე სასწაულმოქმედი სერაფიმ საროველის ტაძარს ათივე საშვილიშვილოთ გადანახულ აგურს შევწირავ. ბლია ბუდუ!
ერთი რამე კი მაგრა მეწყინა - გაზმანოვს ხმა დაუკარგავს.
გაზმანოვის ხმაზე წავალ, პატარა ჭიქას წავაქცევ.

Saturday, 3 July 2010

ნოხი

ალბათ ნოხი გადაგიბრუნებიათ და დაგინახიათ - მის პირუკუ მხარეს ისეთივე სურათი აქვს, როგორც ძირითად მხარეს.
ქვეყნებიც ეგრე არიან.
წარმოიდგინეთ დიდი ნოხზე გერმანიაა გამოსახული. ხატია პრეზიდენტი, რომელიც არ წყვეტს თითქმის არაფერს - უკანა მხრიდანაც ასეთივე პრეზიდენტია, ოღონდ ისე კარგად არ ჩანს. მერე პარლამენტი - პირზეც და პირუკანაც პარლამენტი იღებს კანონებს, მერე პოლიცია - ის ამ კანონებს იცავს - აქეთაც, იქეთაც. მერე ამოქარგულია ბანდიტები და ქურდები - აქედანაც, იქედანაც. პოლიცია მათ იჭერს, ვინაიდან ისინი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს არღვევენ.
შემიძლია ასე გავაგრძელო, მაგრამ საკმაოდ მოსაწყენი იქნება - გერმანია-ნოხი პირის უკანა მხარესაც იგივეა, რაც პირის მხარეს. ოღონდ ცოტა უფრო ბაცი.
ეხლა ვნახოთ საქართველო ოთხმოცდაათიან წლებში: უკვე მიხვდით რა განსხვავებაა?
წინა მხარეს ქურდები, ბიზნესმენები, მთავრობა, პოლიცია, პარლამენტი ცალკ-ცალკე ხატია, და ვითომ გერმანიასავითაა - პარლამენტი იღებს კანონებს, მთავრობა ამ კანონებს ახორციელებს, ქურდები არღვევენ კანონებს, ხოლო პოლიცია მათ იჭერს.
გადავაბრუნოთ ნოხი. ვაი! ვერაფერს ვეღარ ხედავთ? ეს კვანძები არაფერს აღარ გავს? ეს კაცი ვინ არის, ძაფებით პარლამენტს, ქურდებს და პოლიციას გამობმული? პარლამენტაროქურდია? ქურდოპოლიციელია? მინისტრობანდიტია?
და რა გამოდის? თქვენ ცინიკურად იძახით, რომ წინა მხარეს რაც ამოქარგულია, ის უკანა მხარეს არაფერს ნიშნავს?
სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ. მოკლედ, არ გავდა მაშინდელი ნოხის ორი მხარე ერთმანეთს.
ამაში ვხედავ მე რეალურ პროგრესს - საქართველოს წინა და უკანა მხარე ნელ-ნელა ერთმანეთს ემსგავსება: უკნიდან რომ ნოხს შეხედავ, უკვე გაარჩევ, რას უნდა მოელოდე წინიდან. პოლიცია აქეთაც და იქეთაც დევნის ბანდიტებს; პრეზიდენტი აქეთაც და იქეთაც ხელმძღვანელობს. მთლად გერმანია არ ვართ - კიდევ დიდი გზა უნდა გავიაროთ.
საქსოვი კიდევ ბევრი გვაქვს, წინა და უკანა მხარე ერთნაირი რომ იყოს; რომ ყველგან - რასაც ვფიქრობთ, იმას ვამბობდეთ, რასაც ვაკეთებთ - ის გვერქვას.
რადგან უფრო დიდ ნოხზე თუ შორიდან საქართველოს ორ მხარეს შორის რაღაც მსგავსებაა, ახლოს რომ მივალთ, ისევ ავირევით. მაგალითად შევხედოთ სკოლებს - განა მათი უმრავლესობა ახერხებს ბავშვების აღზრდას და კარგი განათლების მიცემას? საავადმყოფოები - ჯანმრთელობის დაცვას? მედია - სწორი ინფორმაციის გავრცელებას?
და რაც მთავარია, ჩვენ თვითონ?! რამდენი ადამიანი თვლის, რომ კანონი იმისთვისაა, რომ დაარღვიო? რომ წითელი შუქი ქუჩაში არის იმისათვის, რომ სწრაფად გაიარო? რომ გადასახადები არის არგადასახდელად, და მოპარული დენი უკეთესია, ვიდრე ნაყიდი. რომ არაფრისგამკეთებელი ნათესავის სამსახურში მოწყობა კარგი საქმეა, და ამავე დროს აღშფოთებული ვართ - ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, ყველგან ნაცნობობააო?
ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული ქართული მენტალიტეტი და ჩვენი ჯიში. ეს სხვების ქვეყანაში ცხოვრების შედეგია. ბოლო ორი საუკუნე ჩვენ ჩვენ თავს არ ვეკუთვნოდით, იქამდეც ეს ბედნიერება ძალიან ცოტ-ცოტა ხნით გვქონდა ხოლმე. გავა დრო, და ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, მოვა დრო, და ნოხის ორივე მხარეს ერთნაირი სურათი იქნება. შორიდანაც და ახლოდანაც.

Friday, 11 June 2010

ერთი ბიჭის ისტორია

მინდა ერთ ბიჭზე მოგიყვეთ.
ქუთაისელი იყო. თბილისი ბავშვობიდან არ უყვარდა. ცხენები უყვარდა. ოცნებებში ხედავდა, ცხენზე ამხედრებული თავის რაზმელებთან ერთად თბილისელებს მუსრს როგორ ავლებს. ჯანიანი ბიჭი იყო, მოჩხუბარი, დიდი დანა ჰქონდა და კარგადაც ატრიალებდა. თუმცა წესრიგი უყვარდა.
16 წლის იყო, როცა მამამ საგვარეულო ბიზნესი გადასცა სამართავად. მართვის ნიჭი აღმოაჩნდა, საქმე კარგად გამოსდიოდა.
ბევრ რამეზე ფიქრობდა, ბევრი იდეა აწუხებდა.
მამა უთხრა, ჩვენ ებრაული წარმოშობისანი ვართო, და სახელიც ებრაული დაარქვა, თუმცა მართმადიდებლურ სარწმუნოებაში მონათლა. დიდი ბებია სომეხი, ბებია კი ოსი ჰყავდა. ცოლი ჯერ სომეხი ყავდა (მერე სახლიდან გააგდო და მონაზვნად აღაკვეცინა), და და მერე გადამთიელი (სადღაც დონსა და ვოლგას შორის დაბადებული). უნდოდა საქართველოში რომ თავისი ურჯულო ძმაკაცები ჩამოეყვანა - დარწმუნებული იყო, რომ ეგენი არ უღალატებდნენ - ქუთაისელების იმედი არ ჰქონდა, თბილისელების - მით უფრო. თან ერთი-ორი კაცი კი არა, ბევრი უნდოდა ჩამოესახლებინა.
მორწმუნე კი იყო, მაგრამ ეკლესიასთან ვერ დაალაგა საქმეები. ეკლესია მის კონკურენტებს უჭერდა მხარს. მას კი არ მოსწონდა, ნებისმიერ ავაზაკს და ძველ ბიჭს რომ შეეძლო ჯერ ემამაძაღლა, ექურდა, და მერე ფული ეკლესიისთვის შეეწირა და კარგი ტიპი გამხდარიყო, შეიძლება ეპისკოპოსიც კი. ქრთამები არ ევასებოდა ეკლესიაში, უცბათ რომ სამღვდელო კარიერას აკეთებდნენ ბლატით და ა.შ. ამეებზე ძაან იბოღმებოდა. ნატრობდა - ეკლესიაში განხეთქილება მოხდეს, და ჩემიანი ვინმე დაწინაურდესო. თავის ბიზნესს უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე ეკლესიას.
გადასახადებზეც უცნაური მოსაზრებები ჰქონდა - ვითომ უნდა სდომებოდა ქართველებისთვის შეღავათები, ის კი პირიქით ფიქრობდა - ქართველები სად წავლენ, მაინც აქ იქნებიან, უცხოელებს კი ნაკლები გადასახადები უნდა ქონდეთო გადასახდელიო.
ბევრს არ მოსწონდა, ბევრი ებრძოდა, დაუნდობელი იყო, საქმეში ხელს თუ შეუშლიდი, გაგანადგურებდა.
რას იტყვით მასზე თქვენ?
რა უნდა თქვას თბილისელმა, ქართული ჯიშისა და ჯილაგის მაქებარმა კაცმა, შევარდნაძის დროს ხაზინიდან მოპარულ ფულით კაცურად რომ ქეიფობს და საქართველოს სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისით სვამს, ეხლა კი სოროსისტებმა და ლიბერასტებმა სამშობლო გაუყიდეს, სამსახური დაუკარგეს და ქართველობას ართმევენ?
რას იტყვის არაერთი ჟინიანი პოლიტიკოსი, უცხო წარმოშობა ხინჯად რომ მიაჩნია?
რას იტყვის ქართველი დედა, შვილს რომ ეუბნება - სომეხი, რუსი, მაჰმადიანი ცოლად არ მოიყვანოო?
რას იტყვიან მართმადიდებელმშობელთკავშირელასახალხომართმადიდებლები?
რას იტყვის ზოგი ქართველი წარმოება რომ გადაარჩენს საქართველოს თორემ მთავრობა მას კი არ ეხმარება უცხოელებს ეძებს?
• ბიჭი 1089 წელს გამეფებდა.
• 1103 წელს მოიწვია რუის-ურბნისის კრება, გადააყენებინა უღირსი სამღვდელო პირები, მწიგნობართუხუცესის და ჭყონდიდელის თანამდებობების გაერთიანებით დაუქვემდებარა ეკლესია სახელმწიფოს (რაც ოთხი საუკუნის მერე გააკეთა ჰენრი მერვემ ბრიტანეთში და ხუთი საუკუნის შემდეგ პეტრე პირველმა რუსეთში).
• 1118 წელს საქართველოში ჩამოასახლა რამდენიმე ათეული ათასი ყივჩაღთა ოჯახი, რაც ქართული მოსახლეობის (სავარაუდოდ 100 ათასი ოჯახი) მნიშვნელოვანი წილი იყო.
• 1122 წელს, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, ალყა შემოარტყა და სისხლისმღვრელი ბრძოლით დაიპყრო თბილისი, სამი დღე ალაფა აკრეფინა თავისი რაზმებს და შემდეგ, ქალაქში მოსახლეობის და გამოცდილების შესანარჩუნებლად, დაუწესა გადასახადი ასე: მუსლიმებს სამი დინარი, ებრაელებს ოთხი და ქართველებს ხუთი
1125 წელს, მრავალი სხვა საქმის გაკეთების შემდეგ, 53 წლის ასაკში, აღსრულდა წმიდა კეთილმსახური დავით მეოთხე ბაგრატიონი, მეფე ყოვლისა საქართველოჲსა აღმაშენებელად წოდებული, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, ბიბლიური დავითის მოდგმა, ოსი ბორენას შვილიშვილი და სომეხ მარიამ არწრუნის შვილთაშვილი, რუსუდან სომეხთა მეფის-ასულის და გურანდუხტ ყივჩაღთმთავარ ათრაქას-ასულის მეუღლე.
მან დაწერა საკუთარ თავზე:
ხოლო მე ვნებათა ბილწთა მონად მივჰყიდე თავი

Monday, 7 June 2010

ვსრიალებთ

ამ ტექსტის ხუთშაბათს ღამით ვწერ. მაზეგ არჩევნებია. არჩევნები მშვიდობიანად და გამართულად ჩაივლის, ტაბულა კი შემდეგ დღეს გამოვა.
ეხლა უკვე მსჯელობა მერობის კანდიდატების პლატფორმებზე პოლიტიკურად არააქტუალურია, ამიტომ მინდა ერთი ჩვენებური ავადმყოფობაზე სალაპარაკოდ გამოვიყენო. ამ ავადმყოფობას მე ზედაპირზე სრიალს ვეძახი.
რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა აქტიური გამეორება საარჩევნო დაპირებების, და არავის არ მოსვლია თავში საზოგადოებრივ სივრცეში გაეკეთებინა მარტივი რამ: გ ა ნ ე ხ ი ლ ა, დ ა ე თ ვ ა ლ ა, გ ა ე ა ნ ა ლ ი ზ ე ბ ი ნ ა ის იდეები, რომლებსაც ასე უხვად გვთავაზობდნენ პოლიტიკოსები.
არც ოჯახში თუ ეზოში მოუკლია არავის თავი ამ ანალიზით. თუმცა კამათი ბევრი იყო. მაგრამ „მოდი დავთვალოთ“ ხომ არ იტყვი - სირცხვილია. ანუ ვართ თვლის ძველ სისტემაში - ერთი, ორი, ბევრი. ათი, ხუთი, უფასო.
ანუ მათ ზედაპირულ ლოზუნგებს ჩვენ ვუპასუხეთ სათანადო ზედაპირულობით. ჩვენ ხომ ორივენი - კანდიდატებიც და ამომრჩევლებიც - ბედკრული საქართველოს შვილები ვართ.
ასეთი მოლიპული საქართველო. ვსრიალებთ ყინულის ზედაპირზე.
მაგალითად ავიღოთ გაზი ხუთ თეთრად, დენი ათ თეთრად, წყალი უფასოდ - თუ პირიქით? გაზი უფასოდ, დენი 5 თეთრად, წყალი 10 თეთრად? (ისე კარგია, რომ ასეთი რიცხვებია - ხალხს დათვლა გაუადვილდება, ასე რომ ძალიან მზრუნველი ადამიანის მოფიქრებულია).
რომელ ჩვენგანს წასცდა ხელი კალკულატორისკენ? ვინ დაურეკა ნაცნობ სპეციალისტს - ამიხსენი, ეს სწორი გათვლაა თუ არაო?
ან დავასაქმებ თითოეულ ოჯახიდან ერთ ადამიანს მაინც! ვის გაუჩნდა კითხვა- როგორ? თუ რაღაც საიდუმლო არ არის, გვითხარიც ჩვენც.
ვსრიალებთ!
მაშინ რა არის მნიშვნელოვანი? როგორი მერი (დეპუტატი, პრეზიდენტი, საკრებულოს წევრი) გვინდა? გვაინტერესებს მისი იდეები? რეალისტურ რამეს გვპირდება თუ არა? შეძლებს გააკეთოს?
თუ უფრო მისი ზომა, წონა, ბოხი ან პირიქით, ნაზი ხმა ან სახის გამომეტყველება გვაინტერესებს?
მისი წარმომავლობა, სპორტულობა, ჩაცმულობა, სახის გამომეტყველება?
ენების ცოდნა, დედის გვარი, ვაკელია თუ პლეხანოველი?
ერთხელ ნახევრად სახუმარო ინტერნეტ-გამოკითხვა ჩავატარე - როგორი პრეზიდენტი სჭირდება საქართველოს. ბევრი პროვოკაციული და არასერიოზული კითხვა იყო. რამდენიმე კითხვაზე აზრები მნიშვნელოვნად გაიყო.
შეიძლება თუ არა პრეზიდენტი იყოს ოფლიანი? ამ კითხვამ გახლიჩა გამოკითხულები ორ თითქმის თანაბარ ნაწილად - 54 % თვლიდა, რომ შეიძლება, და 46% რომ არა.
გასაგებია, რომ დემოკრატიას ეხლა ვსწავლობთ, ისტორიული გამოცდილება არ გაგვაჩნია, და, როგორც იყო ნათქვამი, ეს ლობიოს ჭამა არ არის.
მეორეს მხრივ, 20 წელი პატარა ვადა არ არის, სრიალის გარდა კიდევ რამის სასწავლად.
15 წლის წინ რუსეთში ქიმიური საწარმოს აქციების მსხვილი პაკეტი შევიძინეთ. საწარმო უფულოდ იყო. ჩვენ ბევრს ვთვლიდით - სად იკარგება თანხები, სად არის არაეფექტურობა. ქარხნის დირექტორს ჟურნალისტმა ჰკითხა - ახალ აქციონერებზე რას გვეტყვითო. ამანაც - კარგი ბიჭები არიან, ყველა ბუღალტერიაო. ვკითხე - რატომ ბუღალტერები-თქო. მიპასუხა - აბა განა ვინ ხართ, სულ კალკულატორი გიჭირავთ ხელშიო, და ითვლით, ითვლით, ითვლით.
მართალია, მიმტკიცებენ, რომ საქართველოში მამაკაცმა რომ კალკულატორი იხმაროს, სირცხვილია. ანუ იარაღი - კარგია. სიგარეტი - მოსულა, კალკულატორი - სამარცხვინოა. სრიალი მოსულა, ჩაღრმავება არა.
ხალხო! ავიღოთ კალკულატორი, გამოგვადგება, რამეს დავთვლით.
თორემ სულ ყინულზე ვისრიალებთ.
წყალი ხომ უფასოა.

Wednesday, 19 May 2010

და ამიტომ

2004 წლის მაისი, მოსკოვი. მირეკავს ერთი ჩემი ნაცნობი და მეუბნება - მოსკოველი ბიზნესმენები საქართველოში მივდივართ და შენც უნდა წამოხვიდეო. დიდხანს ვიუარე, მაგრამ დამითანხმა. ჩამოვედი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჟვანიასთან ოთხსაათიანი საუბრის შემდეგ მან შემომთავაზა გავმხდარიყავი ეკონომიკის მინიტრი, სადღაც 10 წამი ფიქრის მერე დავთანხმდი. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი.
რაზე ვფიქრობდი ის 10 წამი? რუსეთში აქტიურ ბიზნეს-საქმიანობას მორჩენილი ვიყავი, ასე რომ ამაზე არ მიფიქრია. ვფიქრობდი თბილისზე, რომელიც მაშინ უსიამოვნოდ გამოიყურებოდა - მტვრიანი ქალაქი ოღრო-ჩოღრო ქუჩებით, ლურჯკარტონაფარებული ლტოლვილებიანი ივერიის შენობით, ვფიქრობდი მინისტრებზე, რომლებიც ვნახე და რომლებმაც განმაცვიფრეს არასაბჭოთა აზროვნებით, ვფიქრობდი როგორი კარგი და ლამაზი შეიძლება იყოს საქართველო, ვფიქრობდი რა უნდა გააკეთოს ეკონომიკის მინისტრმა. ვფიქრობდი იმაზე, რომ ამაზე მნიშვნელოვან საქმეს მე ვერ გავაკეთებ ვეღარასოდეს, თუ ეხლა არ დავთანხმდი ამ შემოთავაზებას.
მას შემდეგ გავიდა 6 წელი. რაღაცის გაკეთება მოვახერხე, რაღაცის ვერა. რაღაცეები შემეშალა, რაღაცეები სხვებს შეეშალათ. რაც გაკეთდა ქვეყანაში, ზოგი რამ მომწონს, ზოგი რამ არა

მე მომწონს
• სინათლე
• გზები
• პოლიცია
• რომ ავიღე პასპორტი სწრაფად
• რომ ეკონომიკა გაიზარდა 40%
• განათლების რეფორმა
• რომ დავიწყეთ საკონტრაქტო ჯარზე გადასვლა
• ახალი აეროპორტი
მე არ მომწონს
• ბიუროკრატია
• ფულის უაზრო ხარჯვა
• წმინდა გიორგი თავისუფლების მოედანზე
• პოლიეთილენის პარკები ხეებზე
• სკოლებში განათლების დონე
• სულსწრაფობა და მოუთმენლობა
• ზოგიერთი მინისტრი
• შადრევნები
• განათლების რეფორმის ზოგი ნაწილი
• საავადმყოფოები
• ქართული გაზეთები
• ტელევიზიების ახალი ამბები
• სადაზღვევო კომპანიები
• გზისპირა ტუალეტების არარსებობა
• მაღალი უმუშევრობა
• რომ ჯერ კიდევ გვაქვს გაწვევა ჯარში
• ახალი აეროპორტის სახურავი
• რომ აღარ არის დეზერტირების ბაზარი
• ლარიზაცია
• ბიუჯეტის დეფიციტი

მომწონს არმომწონზე ცოტაა. ამის გამო ოპოზიციაში უნდა წავიდე, ექვს მაისს პოლიციას ქვები დავუშინო? ჩვენი მტრები გავახარო? ებრალიძეს დავუძმაკაცდე? ხუბუტიათან ვიქეიფო? გულაშვილს შევუერთდე?

Sunday, 2 May 2010

მონეტარული თავისუფლება და ვერცხლის აბაზები

ეკონომიკურ განვითარებას ვნებს ინფლიაცია. ინფლიაცია რომ არ იყოს, საჭიროა ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკა და შესაბამისად სანდო ვალუტა. მსოფლიოში, თუ ძალიან მოვინდომებთ, 10 სანდო ვალუტას თუ დავთვლით: ამერიკული დოლარი, ბრიტანული გირვანქა, კანადური დოლარი, ავსტრალიური დოლარი, ახალზელანდიური დოლარი, იაპონური იენა, შვეიცარული ფრანკი და ევროპული ევრო. დანარჩენები ან არ ვარგა, ან მიბმულია ამ სანდო ვალუტებზე, ან მთლიანად ჩანაცვლებულია ამ ვალუტებით.
მონეტარული თავისუფლება ნიშნავს აირჩიოთ გარიგებისას ის ვალუტა, რომელზეც შეთანხმდით. ვალუტათა კონკურენცია ვალუტის ხარისხს ზრდის. ბევრი თანამედროვე ეკონომისტი თვლის, რომ კრიზისების შესუსტების გზა ვალუტათა დენაციონალიზაცია და მათი კონკურენციაა.
ამ საკითხს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით. მერე.
მინდა მოგიყვეთ ისტორია, თუ როგორ მოისპო მონეტარული თავისუფლება საქართველოში. ეს იყო რუსეთის ბრძოლა საქართველოსთან, სახელმწიფო სექტორის ბრძოლა კერძოსთან, შეზღუდვების და იძულების ბრძოლა თავისუფლებასთან.
რუსეთის მიერ 1801 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მთავარსარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა კნორინგმა გენერალ-მაიორ ლაზარევს დაავალა შეეწავლა მონეტარული მიმოქცევა ქართლ-კახეთში.
დადგინდა - სპილენძის და ვერცხლის გამოდნობაზე კონცესია ჰქონდათ ბერძენ მეწარმეებს, რომლებიც ამაში ფულს უხდიდნენ ხაზინას. მონეტის მოჭრა იყო ლიბერალიზებული - ნებისმიერს, ვინც ვერცხლს მიიტანდა ზარაფხანაში, და გადაიხდიდა გადასახადს, მოუჭრიდნენ მონეტებს. თავისუფალ მიმოქცევაში იყო ქართული მონეტები - ორმაგი აბაზი, აბაზი, ნახევარაბაზი, 5, 10 და 20 ფული (1 აბაზი = 200 ფული). ასევე თურქეთის, სპარსეთის, შემახის, შექის, შუშის, ბაქოს, ლენქორანის, განჯის, ნუხის, შირვანის, ყარაბაღის და სხვა მონეტები.
საქართველოს მოსახლეობა სარგებლობდა დაახლოებით ისეთივე მონეტარული თავისუფლებით, რომელიც დღეს ფინანსურ ცენტრებში განთავსებულ ბანკებს აქვთ. ამის გარეშე თბილისი დიდი სავაჭრო ცენტრი ვერ იქნებოდა.
იმპერიამ დაიწყო ამასთან ბრძოლა.
„წონითა და სინჯით განსხვავებული მონეტა საქართველოში ნიშნავს გადახვევას რუსეთში შემოღებული ერთიანი სამონეტო სისტემისაგან, რითაც საქართველო დადგება რუსეთისაგან განცალკევებულ სახელმწიფოთა რიცხვში“ რუსეთის ფინანსთა სამინისტროს საბჭო, 1822 წელი
ეს ბრძოლა მრავალი ათწლეული გაგრძელდა. პერიოდულად ვინმე ცდილობდა, საქართველოში დაეწყო ისეთი აბაზების გამოშვება, რომლებიც რუსულ წესებს შეესაბამებოდა. რამდენჯერმე სცადეს არარუსული მონეტების მიმოქცევის აკრძალვაც. მერე აბაზების მოჭრა სანკტ-პეტერბურგში დაიწყეს.
ცხადია, დაწესდა პროტექციონისტული შეზღუდვები - აიკრძალა ვერცხლის გატანა, მონეტის გადაკეთება იუველირულ ნაწარმად, სინჯის გარეშე ვერცხლის გაყიდვა და ა.შ. ყოველი ახალი ასეთი სისულელე ვაჭრობას და შესაბამისად, ჯარის მომარაგებას ხელს უშლიდა, ამიტომ სწრაფად უქმდებოდა.
ძალადობა და აკრძალვა ნდობას არ ჰქმნიდა რუსული ფულის მიმართ.
ასევე ნდობას არ ჰქმნიდა აბაზების მოჭრის ან მონეტების გაცვლის გამოყენება ფისკალური ან პოლიტიკური მიზნებით. მაგალითად, 1819 წელს, ზარაფხანის მორიგი დახურვის შემდეგ, სანამ პეტერბურგიდან ახალი აბაზები ჩამოვიდოდნენ, ვერცხლის მონეტის დეფიციტი შეიქმნა. მისი ფასი გაიზარდა, შესაბამისად ოქროს ჩერვონცების ფასი შემცირდა. გენერალმა ერმოლოვმა მოახდინა ჩერვონეცის 5%-იანი დევალვაცია, გარდა ჭარ-ბელაქნისა (ეხლა საინგილო), რათა იქაურ ლეკ ბელადებს ჯანყი არ დაეწყოთ. ადვილი წარმოსადგენია, როგორ იხეირეს ამ სავალუტო არბიტრაჟზე მაშინდელმა ფინანსისტებმა, ტფილისში იაფად ნაყიდი ოქროს ჩერვონცების ჭარ-ბელაქანში ხაზინისთვის ძვირად ჩაბარებით.
რუსებმა რამდენჯერმე ასიგნაციების (ქაღალდის ფულის) შემოღებაც სცადეს. ასიგნაციები საქართველოში იმდენად არ იწვევდა ნდობას, რომ აქ რუსეთის ჯარსაც კი ოქროს ჩერვონცებს უხდიდნენ, ევროპაში კი ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ჩამდგარ რუსეთის ჯარებს ასიგნაციებით უსწორდებოდენ.
1814 წელი. იმპერატორი - რტიშჩევს (მაშინდელ საქართველოს მთავარმმართებელს)
«К сохранению в государстве золота и серебра, повелеваю употребить по главному начальству вашему в Грузии меры и особенное попечение, дабы ассигнации наши имели надлежащий ход, после чего и все без изъятия войска довольствовать жалованием и ремонтом не иначе как ассигнациями»
რტიშჩევის პასუხიდან:
„ვბედავ მოგახსენოთ, რომ ასიგნაციები ცნობილია და მიიღება მხოლოდ უმნიშვნელო თანხების გადახდისათვის, მხოლოდ ტფილისსა და ბაქოს ციხე-სიმაგრეში (ამ უკანასკნელის ასტრახანთან ვაჭრობის გამო), ვინაიდან მთელი სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან არ აღემატება 250 000 მანეთს. საქართველოს მთავარი ვაჭრობა კი მიდის თურქეთთან, სპარსეთთან, ინდოეთთან, ბუხარასთან და ადგილობრივ მთის ტომებთან, თითქმის ნახევრადველურებთან, რომლებსაც ასიგნაციებზე არაფერი გაუგიათ და ვერც წარმოიდგენენ, რომ კეთილმოწყობილ სახელმწიფოში ასეთი ფული ცვლის ოქროს და ვერცხლს“
ისე ეს ბევრ კარგ ეკონომისტსაც ვერ წარმოუდგენია. ამაზეც მერე.
თანდათან გაიზარდა საქართველოს და რუსეთის სავაჭრო ბრუნვა, საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული გახდა რუსეთის ბაზარზე.
1853 წელს, მეფისნაცვალი ვორონცოვის დროს, საბოლოოდ აიკრძალა არარუსული მონეტების გამოყენება (ორწლიანი გარდამავალი პერიოდით), 1855 წელს ფაქტიურად დასრულდა მონეტარული თავისუფლება საქართველოში - არარუსული მონეტები ბრუნვიდან განიდევნა..
საბჭოთა კავშირში ეს აბსურდამდე მივიდა - ვალუტის გადაცვლაზე ჯერ ციხე იყო, 1961 წლიდან კი დახვრეტა.
ეხლა ჩვენ საით?